სახეცვლილება


ტბები ლივლივებს მწვანედ. 
ფსკერს მივაღწიე ვგონებ. 
ფსკერზე მთვლემარე გვამებს
სძინავთ.
არასდროს მოვლენ.
სიმშვიდის იავნანას
მათთვის ღმერთები ქმნიან
და იმქვეყნიურ ზღაპარს
ჩემი ტკივილი მიაქვს. 
მუდამ მიხმობდნენ ტბები. 
მათი სიმშვიდე მწვავდა
და შევაბიჯე რწმენით, 
სული მომტაცა ქარმა. 
სუნთქვა შევწყვიტე ერთობ.
თვალს სილაჟვარდე კვებავს.
რა სიმშვიდეა, ღმერთო.
რა საოცარი შვება. 
ვხედავ ჩემივე სხეულს
შეერწყა მწვანე წყლებს და
მდგომარეობას ჩვეულს
მარადისობა ერქვა. 
შეგრძნება მქონდა ქარის
ვგავდი სიოს და ნიავს. 
სიმაღლით ხეთა ალვის
ღრუბლები თეთრად მცრიან
და მოვეფინე სივრცეს        
როგორც ფერმკრთალი ნისლი.
უცნაურ განცდას მივდევ
ანგელოზთა ხმა ისმის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი