არაფერი


მე არაფერი შემიძლია,
არაფერი გარდა იმისა, რომ
ვიჯდე და გელოდო.
თითები მტკივა,
კიდევ მუხლები.
ხელები მუხლებზე დავიდე.
შევაწებე.
უმოძრაო ვარ. ზომბირებული.

მე მხოლოდ ვხედავ.
ვხედავ ყველაფერს.
მოწმენდილ ცაზე ღრუბლებს.
წვიმაში მზეს,
უფრო პირიქით.
ხეებს ვხედავ, ტოტები სტკივათ,
სავარაუდოდ თავს იკლავენ,
ფოთლები სცვივათ.

მე ვხედავ დღეებს,
მოკლულ დღეებს.
ცარიელ დღეებს.
უთქვენო დღეებს.
მშიერ თვალებს და
ამ თვალბში 
ამომშრალ ღმერთებს.
მე ვხედავ ბავშვებს,
მოკლულ ბავშვებს,
თვალებს და დედებს.
სულმოკლულ დედებს,
მოხუც დედებს,
ვერ გამხდარ დედებს.
მე ქალებს ვხედავ,
უფლებამოკლულ,
მზეამოჭმულ,
დედობამოკლულ
ქალებს და მახსოვს
არ გავხდი დედა,
არ გახდი მამა,
ვერ გავიმეტეთ,
ჩვენ ჩვენი შვილი
საწამებლად,
ხატად და მსგავსად.

ვზივარ და მტკივა,
თვალებში ცა და
თითებში მიწა.

ტირილი ვცადე,
გამომივიდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი