ჟოლოსფერი ლექსი
ჟოლოსფერ ღამეთა უწყვეტი არშია ფრიალებს ჩემიდან სამოთხის კარამდე. წვიმას დალალები მიწამდე გაშლია და ვცდილობ უღმერთო ქაოსში დავლაგდე. ქარმა დაივარცხნა თმები ხის ტოტებზე. გულზე მიიბნია ნაზი ფოთოლცვენა. ზღვაო, ისე მინდა სხეულს გიტოვებდე, მე კი მივდიოდე ცხრა ცის მომლოცველად. ღრუბელთა ჩახმახი - სეტყვათა კოლონა, ამინდი მაუწყებს პოეტურ პროგნოზებს. თავიდან ვინ ჩივის, დავიწყებ ბოლოდან. ოღონდაც შევძლო და ოღონდაც მოვრგოვდე. თორემ გული მიგრძნობს ისე გავიფანტე წვიმიდან ქარში და სეტყვაში ქარიდან. ტკივილს პოეზიაც ვეღარ დამიამებს და უკვე ლექსებიც, ლექსებიც არ მინდა. დუდუნებს სარკმელთან რაფაზე აისი. ღამე კი ფანჯრიდან მდუმარედ გადახტა. სინათლის მარყუჟში თავს ვეღარ დაიხსნის ცხადი და ნათებაც აღარ ღირს არაფრად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი