სულერთი


ჰუმანურობა, გულწრფელობა, თანადგომა და
სოლიდარობა მოკვეთილი ხალხთა გულიდან. 
ღმერთი განრისხდა, 
აღარ დუმდა, დარდით ბორგავდა, 
გვიცქერდა ჩვენ და კი არ სწყინდა უფრო უკვირდა.
უკვირდა როგორ, სად და რატომ
დავკარგეთ მისგან
მონიჭებული სიყვარულის ნიჭი და სითბო,
წრფელი ღიმილი ყინულების ფრესკად რად იქცა
და დათესილი სიკეთისთვის ხურდას რად ვითხოვთ.
რატომ დავადეთ ბოდიშსა და მადლობას ფასი, 
ცხრა თხილის გული ან ორმა ძმამ რად ვერ გაიყო.
ვფიქრობ, ვწერ, მაგრამ ვერას ვხვდები საერთო ჯამში
და არც ის ვიცი რა დავწერო ან რით დავიწყო.
რა შემიძლია, რას ვუშველი, რად ვეძებ სიტყვებს. 
ისედაც ვხედავ გასულერთდა სამყარო სრულად.
ვწერ და ეს ღამეც აჩქარებულ გულივით მიტევს,
ვერ გათენების მოლოდინებს სარკმელთან ვხურავ.
ჰო, სულ ერთია. 
სულ ერთია. 
ერთია სულ და
გავცილდი საზღვრებს. 
მეც ყინულის კედლებს ვიშენებ. 
თუკი ყოველთვის მცხუნვარე მზის ალერსი მსურდა,
ახლა მიზიდავს მისტიური სივრცის სიბნელე.                
ვერ ახდენილი ოცნებები, ნატვრები მკვდარი
ჩამოვიხსენი მოღუნელი, მძიმე მხრებიდან.
გავხდი ფერმკრთალი ღამეების უკვდავი ლანდი
და განთიადებს რომ იცოდეთ, როგორ ვერ ვიტან.
როგორ ვერ ვიტან სინათლეს და  სხივი ირიბად
შემოპარული ცივ მზერაში მწვავს თვალის გუგებს. 
დღეს მოთმინებაც დასასრულის ზღვასთან მივიდა,
და მომიტევოს ცხოვრებამ რომ ვერაფერს ვუგებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი