მსხვრევადი


ღამის ღაღადია ღრუბელთ
ქართან შეჯახების ექო. . . .
ღმერთო, სულზე ტოვებს ღრმულებს -
სევდა მომირჩინე, ღმერთო.

ზამთრის დანასიზმრებ თოვებს,
თეთრი კლავიშების კანკანს.
ავტოგრაფებივით ვტოვებ
ლექსებს, 
ვიხდი როგორც მკვდარ კანს.

მკრთალად ჩამოთოვოს იქნებ.
მოვრჩე, გამიაროს სუნთქვამ.
ცას რომ თვალებიდან ვითმენ,
მე რომ მიწა მითმენს სად ვთქვა. 

სახეს აფარებულ ხელებს,
თუკი შემიციებს ქარი. . . .
ღმერთო, დაიფარე ვერ ძლებს,
მარტო, ჩემი ქვრივი ქმარი.

ვიბრძვი, 
ძალა მინდა რომ კვლავ
მხრებზე მოვეხურო - სცივა.
ასე ნაადრევად ნუ მკლავ,
მასაც სასიკვდილოდ სწირავ.

ღამის ღაღადია ისევ,    
ჩემში გაჟონილი სოლ. . სი. . 
მსხვრევად სიმფონიას ვისმენ,
ნეტავ, მერამდენედ მოვკვდი. . .

17.12.15
03.03

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი