აქ კვლავ წვიმებია


აქ კვლავ წვიმებია.
მზე კი ალაგ-ალაგ.
თქვენთან (ვიმედოვნებ) უკვე ჩამოთოვა.
წლებმა მიუცხოვა - ვერსად დამალაგა...
არც კი დავენანე, ისე გამომტოვა.
ზეცა სეზონს იცვლის სადღაც მეოცემდე.
იხდენს ფოთოლცვენა ციურ მელოდრამებს.
თქვენმა შემოდგომამ ჩემზე იოცნება.
ალბათ შემოვაკლდი. 
უფრო ვეცოტავე.

გამოღვიძებების უცხო ანდერძი და 
ცივი შუაღამის თითქმის მეორედი.
სიზმარს მოყოლილი ბლანტი კადრებიდან
ნანატრ კინო-ფირის მსგავსად მეორდებით.
ისევ საჩემდარდო წვიმის აკორდებით
მოგონებებიდან ჟონავს "ლა ბოჰემა".
წუთში მილიონჯერ დარდით მაგონდებით.
წამში მილიონი ტვირთი მაგონდება.
ვუცქერ ცხოვრებას და ისე მაიგნორებს -
ღამის ხიზანი ვარ სიკვდილმორეული.
დღისით რა გამოლევს ორგულ პატრიოტებს.
ფერხთით ირევიან სულით მცდუნებელნიც.

ერთი ჩასუნთქვით და ბევრი მობეზრებით,
ზეპარიზულ ცას და მღვრიე სენას ვწყევლი.
ნატკენ გონებიდან ფიქრად მომეტებულ
პულსის ვერ დათვლებით
მე თქვენ მენატრებით....

05.11.2015
05:02

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი
TOP.GE