სიყვარულზე სხვებმა დაწერონ
ისინი წერდნენ. ვწერდი მეც. ისინი იღიმოდნენ. ვიღიმოდი მეც. ისინი გრძნობაზე წერდნენ. გრძნობაზე ვწერდი მეც. ისინი სიყვარულზე. მე ტკივილზე. მე ტკივილზე. ისინი სიყვარულზე. მინდოდა სიყვარულზე დამეწერა. ტკივილი იწერებოდა. მინდოდა ცაში მეფარფატა. ნაბიჯი მიმძიმდებოდა. მე ვიცოდი სიყვარული. მე მჯეროდა სიყვარულის. მე შენ მიყვარდი. მე შენ მიყვარხარ. მე მოვარგე შენს გულს ოქროს გასაღები. მე დავიდე ბინა იქ. მე გადავსახლდი შენს სიზმრებში. მე ვისწავლე შენი სიზმრები სიზმრები კითხვით. სიზმრები წერით. შემდეგ ზეპირად. მე გავათბე შენი მზერა. შენი ღიმილი. შენს მტვრიან ფიქრებს სული შევუბერე. ბზინვარება შევმატე. სიზმრები გაგიფერადე. უჩვეულო სუნი შევძინე. მწვანე შუქით გავანათე. მე ვცირკულირებ შენს ძარღვებში ნაცვლად სისხლისა. და მაინც მე ვერ ვწერ სიყვარულზე. მე ვწერ ტკივილზე. უნდა დამეკარგე. ან წაგეშალე. ან გაგეცვალე. რომ დამეწერა. რომ აღმეწერა. რომ გამებედა. მძაფრად შემეგრძნო, კვლავ ტკივილი. ტკივილი, უკვე სიყვარულისა. შენ კი ჩემთან ხარ. შენ არ წახვალ. რადგან მე მითხრა, წითელი კაბით, შავთმიანმა თავხედმა ბოშამ - "თუკი შენს თვალებს ღრმად ჩახედავს ვინმე ოდესმე. ის იქ დარჩება. ის უკუსვლით ვერასდროს გავა. ვერ დაგივიწყებს. აღმოჩნდება საბედისწერო მისთვის ეს რისკი, უკუნითი უკუნისამდე." და თუკი წახვალ. შენ კვლავ მოხვალ. შენ მოხვალ ისევ. ასე თქვა ბოშამ. თავხედმა ბოშამ. შენ ჩემთან მოხვალ. ვერ ივიწყებენ თვალებს და სიზმრებს. თვალებს და სიზმრებს. სიზმრებს და თვალებს. და შენ ვალი გაქვს. ჩემი ვალი. ტკივილი გმართებს. მე უნდა ვწერო. უნდა ვწერო, თუმცა არასდროს, არასდროს დავწერ სიყვარულზე ნუ წახვალ ოღონდ. ოღონდ დარჩი. იყავი ოღონდ. ტკივილზე დაწერს სულისა და სისხლის ტკივილზე, თვალბნელი გოგო. უღვთო დარდში სრულქმნილი გოგო. და ახლა ჩემი თეთრი ღამის ლურჯ ჩირაღდანში. შენ გძინავს მშვიდად. მე ტკივილებს ვწერ და ვიამებ. ხელს გადებ გულზე. ვხუჭავ თვალებს. არასდროს მძინავს. შემომიშვი და სიზმარეულ ტრანსზე მიამბე. შენ დარჩი ჩემთან. სიყვარულზე არასდროს დავწერ. შენ ოღონდ დარჩი. სიყვარულზე სხვებმა დაწერონ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი