ქარდაქარ
"სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ" //გ.ტ.// მივდიოდი.. ქარი მდევდა ფეხდაფეხ. ვცრუობ- ეს მე მივყვებოდი კვალდაკვალ. ჩამოჯექი და თვალებით მეძახე_ მობრუნდიო. მობრუნდიო. სადახარ?! მივდიოდი.. ქარი დაშლას ლამობდა იმ კედლების ჩვენ რომ შემოვიშენეთ. რაც არ იყო, ნამდვილივით მახსოვდა და რაც იყო სიზმარივით ვიხსენებ. ქარმა სუნი აიტაცა ნაგრძნობი. მერე ბორგვით ქუჩა-ქუჩა ატარა. მოვკვდებიო მთებს გადაღმა _ ამბობდი.. მეც იმ მთების იქით გეძებ _ სადახარ?! ქარმა თმები ამაფარა თვალებზე. ქარმა გზები ამ თმებივით არია. შენ სხვა მხარეს - მე სხვა მხარეს დაგეძებ. ყოველ მხარეს უსაშველო ქარია. გსაყვედურობ _ ქარში როგორ გამიშვი. მსაყვედურობ _ ქარში როგორ დამტოვე. მკვდარი ხარ და ჩემში სუნთქვას არ იშლი. მკვდარი ვარ და მაინც შენში მაცოცხლებ. მკვდრები ვართ და მინდა ცოცხლად დაგწერო. მკვდრები ვართ და ცოცხალივით დამხატე. დაე, ქარმა აწკრიალოს სამრეკლო ჯერ არ მოსულ.. ჯერ არ დამდგარ ზამთრამდე. დავიჯერეთ, რომ მიწა არ გვყოფნიდა. ზეცამდე კი, ერთმანეთზე შორია. იქნებ ქვეყნად არც არასდროს ვყოფილვართ და ყოფნები არყოფნების ფონია.. მივდიოდით- მე სხვა, შენ სულ სხვა მხარეს. ქარი გვკლავდა.. ქარი გვკლავდა გზადაგზა. დავიხოცეთ დანაპირებ ზამთრამდე. დაგეძებდი.. დამეძებდი_ "სადახარ?!"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი