ძველები
მოდი, დამადე თავი მხარზე მინდა გიამბო, როგორ მომკლა და დამასვენა ლექსმა აპრილში შენი ფანჯრის წინ... ტკივილს გულმა ფეთქვა მიანდო, როცა გიჭირდა დამძიმებულ სულში ჩაგისვი. მოდი. დახუჭე თვალები და მე გიჩურჩულებ, რომ ჩემში ახლა ჩემზე მეტი უკვე შენა ხარ. დუმხარ და ისე უსაშველოდ გამიუცხოვე, ალბათ გინდოდა ცრემლიანი მზერა გენახა. როცა ზურგიდან არსებობას მტკაველით ვზომავ, თვალებს და სიტყვებს მარიდებ და ვხვდები არ მყოფნი. ვწუხვარ. გიშვებ და სანუგეშოდ ნურასდროს მოხვალ. შენზე მეტია მიზეზები გზების გამყოფი. გიშვებ, ან უფრო მე მივდივარ, ჩემი ლექსები, ძვირფასო, გქონდეს სახსოვრად ან ნუგეშად თუნდაც და ვიდრე შევძლებ, ვიდრე სრულად გადაგეჩვევი. გეტყვი პოეტებს ორმაგად და უკვდავად უყვართ. მივდივარ. ვითმენ სულში გაზრდილ გრძნობის ნაპრალებს. ვარჩევ იოლი რომელია კვდომა თუ თმენა. ამ უფინალო, უმომავლო ლექსს შენ გაბრალებ. მივდივარ, მაგრამ ვერ ვამბობ რომ არასდროს მოვალ. რადგან სტროფები ჩურჩულებენ სხვა ემოციებს. ფერმკრთალი სახე სიზმარ-სიზმარ მექცა თანმდევი. თუკი დაგჭირდი. თუ ფიქრიდან ვერ მომიცილე. დამიძახე და ხელმეორედ დავიბადები. ... წვიმის მიწისადმი ამბორია ჩუმად შემჩნეული პატიება. ზეცა გადასერონ არ მგონია ელვის მოყვითალო არწივებმა. ქარის ნაბიჯები ამჩნევია ფოთოლ-ფოთოლ მორთულ ტროტუარებს. არა საყვედური არ მჩვევია. მზიან დღეებს თუ ვერ მოუარე. სთვლემენ ბეღურები აივნებზე. ჩუმად იღიმიან მოხუცები. ნეტავ, ჩემს ნაამბობს გაიგებდე. სიზმრებს ნაკადულს რომ მოვუყვები. მთვარემ დასავლეთით გაიწია. სადღაც უჩვეულოდ ჩამოთოვა. ციცქნა ფანტელებმა რა იციან, როგორ ხდება ფეხზე წამოდგომა. სიცივეა. სევდის ქარიშხლები ღამის უბეებში მრავლდებიან. და უბრალო ლექსით განიშნებდი, რომ მე საყვედური არ მჩვევია. ნუ გეშინია სიძველენარევ ტროტუარებს გაცრეცილ ფერთა ელეგანტურად შემოხვეულ უხმარ საწვიმრებს, ალაგებ, უვლი მოგონებებს სათუთად კემსავ რომ წვიმასავით ნაწვიმარზე შენც არ გაცივდე. პირობითია ყოფიერი არ ყოფნას ირგებ. თუ დახუჭული თვალებია პერიფერია. ქვეცნობიერის ცნობიერთან თანხვედრა იქნებ ერთი უბრალო ხელნაწერის სენტიმენტია. და არაფერი. არაფერი გარდა ღამეთა გარდა მტვრიანი სარკისა და საწერ კალამის, ფიქრობდი იქნებ არც ღირდა და იქნებ არც გეთქვა. ნატკენ ლექსებში ნატკენ თითებს როგორ მალავდი. ღია სარკმელიც ვეღარ იტევს ფიქრებს, ბეღურებს. და ნაწვიმარზე ცა ისწორებს ღრუბლის საყელოს. მიდი და შენს თავს მისტერიად შემოეხურე, მიდი და სცადე იქნებ ლექსმა თვითონ დაგწეროს. ნუ გეშინია იტირე და თუნდაც იყვირე. იყვირე, მიდი, საიდუმლოს დაიტევს სტროფი. ღამის ურჩხული თუ მოდის და შთანთქმას გიპირებს, გაცოცხლდი ლექსში და ლექსშივე ხელახლა მოკვდი. იდუმალება უსახსოვრე სტრიქონ-სარკეებს. ბზარებზე თითით მოეფრე, თითით სათუთად. ილოცე, ისე სულს მისტიურ ხილვას არქმევდე და იჩურჩულე სტროფი, ის რაც ჯერაც არ უთქვამთ. იყავი ის ვინც გინდა იყო, ნამდვილი იყავ. სარკე თუ მზერას, მზერა ტკივილს ნაღველს ირეკლავს. "მიდი იწვიმე, ინაწვიმრე" მისხალ და მისხალ ყველა იარა რომ წაშალონ ღამის წვიმებმა. ... ღამემ მთვარე ჩამოღვენთა ფინჯანში. როგორც წმინდა უკვდავების სითხე. მე მლოცველი მხოლოდ ლექსით ვიყავი. და მირონად პოეზია ვიცხე. ... ღამეა და ყვითლად გაიცინა. ელვამ გაიცინა ღრუბლის ტუჩზე. მე კი ვარდისფერი დაისიდან მახსოვს ბავშვივით რომ გაიბუტე. მახსოვს უნაპირო ჰორიზონტის თეთრი მირაჟებით გაბრუება. აღარ მჯეროდა რომ მოხვიდოდი. ზღვამ კი ჩამჩურჩულა - "დაბრუნდება". რა იციან ზღვებმა მონატრების. ან დაბრუნებების რა იციან. ფსკერზე ჩაძირული მონეტები ფუჭი იმედების სანიშნია. ღელვის რა იციან ამ ტალღებმა, ტკივილს მოქცევებით განიცდიან. გულზე სველი ხელი დამადეს და ნეტავ მათ ნუგეშის რა იციან. ... ბროლის კლდეებზე წკრიალებენ თავსხმა წვიმები. ღამეულ ყინვას ქალი შერჩა - ქალი კლდექალი. სადღაც იბღავლეს დაკარგული წლები ირმებმა. ჩამოიშალა.. სენას გაჰყვა "შატო ვერსალი". წელში გატეხა ქარტეხილმა დარდით ხეები. ნისლის ბილიკებს ვერ იკვლევდა ცხენი საღარა. თქვენც ღამეებო ჩემთან ერთად უხმოდ ბერდებით და გათეთრებულ ცაზე ითვლით თოვლის ჭაღარებს. აწმყო გაცვეთილ ფოტოებს ჰგავს , ჩასმულს ჩარჩოში. აღარც ღმერთი ჩანს და სულიდან ნელა მეცლება. თურმე ჩასახლდა სხვისი წილი ჩემში ავსული და ვერაფერი ნუგეშია უკვე ლექსები. ვგრძნობ, სხეულიდან სისხლი ისე წვეთ-წვეთ ამოშრა, გული საზრდოობს ნაღველით და ჰაერს არ ვყოფნი. მე არსებობის რეალური წამი გამომრჩა და ირეალურს შევრჩი როგორც ზღვარის გამყოფი. ... მე უკვე არ ვარ ამ ოთახში - ის არის ჩემში და ფილტვებიდან ამოსული ნედლი ჰაერით. კედლებზე ვტოვებ ყველა სიტყვას რომელიც ვერ ვთქვი. არარსებულს კი არსებულის ზღვართან ვაერთებ. მე უსარკმელო - საეკმელიანს ვიტევ ოთახებს. ნესტი კედლების ახლა უკვე სულის ნესტია. დავხურავ კარს და აგონიას თავს არ მოგახვევ. თორემ შენს ნაცვლად საყვედურებს სხვები მეტყვიან. მე აღარ ვტირი. ცრემლის ნაცვლად ფრთხილად მოგორავს მინაზე ცივი, ქარისფერი წვიმების წვეთი. გიხსნიდი შენ კი ვერ მიმიხვდი , ჩემო , როგორ ვარ. ახლა ვშიშობ რომ სულ ერთია, სულერთი ჩემთვის. და ჩარაზული კარებებით, ფანჯრებით, სულით. ვზივარ კიჩოებჩამოტეხილ უზღვაო გემზე. ხელის გულებზე აყვავებულ იმედებს ვუვლი. ღუზაჩაშვებულ არსებობის კაპიტნად ვერ ვძლებ. თითქოს სიტყვებიც აღარ მიღირს სალაპარაკოდ. სიყვარულნარევ, სითბონარევ ბარათს გიგზავნი. მადლობას გიხდი, ცოტას ვწუხვარ, უფრო ვამაყობ, რომ უანგაროდ. უსასრულოდ. გწამდი. გიყვარდი. ... თავსხმაა და ასფალტს დავყურებ ღმერთივით. არც ისე დაბალი სართულის ფანჯრიდან. ამინდი იყავი და ისე შემცივდი წვეთები სახიდან სიცოცხლეს მაცლიდა. სიმაღლის განცდაა და რაღაც ისეთის ძალიან ჩემის და ძალიან საშენოს. ვერასდროს ვიგებდი გწამდი თუ მიშვებდი. თუ მიშვებ იქნება სწორი გზა მაჩვენო. დავხარე თავი და მხრები შევატოვე ცისა და ღრუბლების გაუვალ პალიტრას. შენით ავსებული ჩემი სიმარტოვე მიყვარს და სისხლში შენს წრიალსაც ავიტან. ისეთი დიდი ხარ, რომ გულის სიმძიმე დააწვა ფიქრის და გონების არეალს. როცა შენ ცხრა ცის და მთის მიჯნას იძინებ ყველაზე ნამდვილი აქ მხოლოდ ღამეა. თავსხმაა და მიწა მხეცივით ღრიალებს. წვიმებმა ჰაერი უღმერთოდ მოგუდეს. გიშველი როგორმე მოგირჩენ იარებს, ოღონდ შენ გაბედე და ჩემკენ მობრუნდი. მე შენზე მძიმეს და შენ ჩემზე სევდიანს. გვჯერა რომ სამყაროს (რა გულში) ყელში ვართ. და თუ დაბადება მოსჯილი ბედია იქნებ სხვა ეპოქის შვილობა გვერჩია. წვიმაა და ვითმენთ მოგუდულ სტრიქონებს. მე უფრო ზღვისა და შენ უფრო ცისა ხარ. ხან ქარებს. ხან წვიმებს. ხან თოვებს მიტოვებ. იმედებს ვარქმევ და სულ გულში ვინახავ. .... ნეტავ, როდემდე, როდემდე ვწერო პარიზზე, ლუვრზე. ან აყვავებულ აივნებზე, ლამაზ თაღებზე. ნაცრისფერ ქუჩებს დღენიადაგ მტერივით ვუმზერ ვნატრობ , დარაბებს ჩემი ეზოს ბაღში ვაღებდე. ვწერდე ბებოზე , თუთის ქვეშ რომ მარცვლელუს არჩევს, პაპაზე - მზეს რომ მოიჩრდილავს ხმელი ხელებით. მერე ცხოვრებას შეუკურთხებს, დაღლილი, გამჩენს, და გასწევს გმირთა სავანისკენ მკერდზე მედლებით. ვწერდე თუ როგორ მიტაცებდა სახურავიდან ცქერა ცისა და მსხმოიარე ბროწეულების. ახლა კი ვწერ და ვერ ვიხსენებ რა დრო გავიდა წარსული ბურანს ემსგავსება. ვერ ვეგუები რომ მიმძიმს ფიქრი ძველ ოდაზე. სოფელზე. მთებზე. დღეს ნოსტალგია დავაბრალე ოქტომბრის წვიმას. ნუ გიკვირს თუკი გახელილი თვალებით ვერ ვძლებ. რადგან ფიქრებით მოგიზგიზე ბუხართან ვზივარ მარტო და ვნატრობ ხვავრიელი ფიფქებით თოვდეს. - ზუსტად ისე თოვს , შენ რომ გიყვარს- მითხრას ჩემმა ძმამ. ღამის თოვაში უსასრულოდ ხეტიალს მთხოვდეს, რომ ცა და მიწა ერთიანად თეთრი გვენახა. მერე კი კართან მთელი ძალით ვაბაკუნებდეთ თოვლიან ფეხებს დავიფერთხოთ ლაღი ბავშვობა. ვფიქრობ და ფიქრებს დარაბები ანადგურებენ ფართოდ გავაღე და მივხვდი რომ სულაც არ თოვდა. თოვდა კი არა წვიმა იყო, ქარები, თავსხმა. ბავშვობის სახლთან თოვლი იდო, ამინდის ჭმუნვა. თუთის ხესთან კი აღარ იყვნენ ბებო და პაპა. იჯდა ბუხართან ჩემი ძმა და მნატრობდა ჩუმად. (საფრანგეთი. ექსლებანი) ... ისეთი სიბნელეა ისეთი სიჩუმე, ვივიენ. არავის ველი და წლებია არც იქეთ მელიან. აღარ მაქვს ხალისი არაფრის, დავღლილვარ, ვივიენ. ეს გზებიც ისეთი შორი და ისეთი გრძელია. (ვაცილებ ვაგონებს). ვიგონებ. . . რომ უკვე დიდი ვარ. რომ ისე კარგად ვარ. რომ ისე მამშვიდებს სისლეი. მცდელობა - და ისევ არსაით მივდივარ. დავგუბდი - ტბას ვგავარ. ოქტომბრის წვიმებით ვივსები. ქარია. უღმერთო ქარია, ვივიენ. არავის არ ველი. არც იქეთ მელიან, (იციან ვერ მივალ) შენ მაინც იყავი. შენ მაინც იყავი, ხომ იცი - აქ მარტო ძნელია. ... გულს-გული, ხელს-ხელი, (მომენტებად) პარიზულ ოციანებს ვესტუმროთ და ღამით თუ გაგვიწვიმდა მოედება ბოჰემა ღმერთების ვესტიბიულსაც. იწვიმოს, ახმაურდეს ხიდებს მიღმა სენა და დუმილი გავაღმერთოთ. დავიპყროთ ჩვენც "ღუ-დე-ფლოღუსი" და ან უფრო კონკრეტულად "კაფე დე ფლოღ". პიკასო, მატისი, ფიცჯერალდი. ტოკლასთან ფუჟერით სტაინია. ორი მოქართველო "მისეღაბლის" ტკივილის დიადებმა რა იციან. ხმაური, სასმელი, ეპოპეა. წვიმებს ეცეკვება ამადეო. გიტაცებ დამღლელი ეპოქიდან, ზურგს უკან წყევლაც რომ დამადევნონ. შეხედე, დაკარგული თაობის და შეშლილი ამინდების არითმია. თუ იღბალს დღეს ბედმა გაუღიმა, აქ მაინც გაგვიმართლებს - პარიზია. ... "უარესად ვარ, ვიდრე გუშინ და უკეთ - ვიდრე ხვალ ვიქნები" გავიღიმე და ვინუგეშე თავი, ხელახლა დავიწყები ჰო, დღეს თუ არა ხვალ. და ხვალ თუ არა ზეგ. ვდგავარ და ყალბი ნუგეშივით ცივი ზამთარი მცემს. გამომელია ყველა სუნთქვა, რაც შენგან დამრჩა ჩავისუნთქე. სიშორემ ცხადი შემაძულა. გავცქერი ქედებს დანისლულებს. აქ არც წვიმაა. არც ქარია. არც ძველებურად თოვს. სამყარო მძაფრი წყევლასავით შემომიჩნდა და მგმობს. რას ვითხოვ... ან კი რას დავეძებ. გავრბივარ, ისევ სხვაგან ვხვდები. მე სხეულიდან გამაძევეს, სულზე შებმული არტახებით. როლია უცხო სცენარიდან ვქმნი და ვთამაშობ სხვას. ღამე კი მშიერ-მწყურვალივით ასე წვეთ-წვეთად მსვამს. ვარ უარესად ვიდრე წინა და უკეთ ვიდრე მომავალ წელს. დაღლილ შველივით მიეძინა სუნთქვას. სიცოცხლე მივაბარე სხვებს და იქნება გამაღვიძონ მათ, დღეს თუ არა ხვალ. მაგრამ ვაი რომ გამთელავენ ვით შეუცნობელ გზას. შენთვის შენი თითებიდან ნაგრძნობი სითბო - ჩემი კანის წვა. შენი თვალების სევდა სერავს ამომშრალ თვალებს. მე არ ვიყავი - ავმა სულმა თითქოს ხელი გკრა. როცა დავბრუნდი სინანულმა ათია ღამე. შენი ყოველი ვერ ჩასუნთქვა - ამძიმებს ფილტვებს. ამოოხვრა კი გულის კედლებს ნელა მიდაღავს. ზოგჯერ მგონია გავბოროტდი, აჩრდილებს ვიტევ. და უნიათოდ, ჩემებურად, უღვთოდ მიყვარხარ. სიცხიან, ცხელ შუბლს ხელის გულით ჩუმად გისინჯავ. მონანიების მარწუხები მიძნელებს სუნთქვას. როცა ღმერთს ვკარგავ იმ მომენტში შენგან მივდივარ. და თუ ვპოულობ ჩათვალე რომ ვბუნდები უკან. შენს სასთუმალთან დაჩოქილი ვიგუბებ ცრემლებს. მუცელში მეწვის ერთადერთი წმინდა სანთელი. გულდაკარგული რეალობა მიკვდება.. ვერ ძლებს. გონებას სტკივა შენზე დარდით ფიქრის ანთება. ჩემი ბრალია, ყოველგვარი აკვიატება. სიკვდილის ურჩხულს შევეჩვიე, თეთრი მზერა აქვს. აქ ხელნაკრავი სისხლიანი კადრი მთავრდება. შენზე ძვირფასი დასაკარგი მეტი ვიღან მყავს. კვლავ შელოცვილი. შეპყრობილი უღვთოდ შეგიტევ. მერე მძინარეს ცხელ შუბლსა და თითებს გიკოცნი. ვიცი შემინდობ. შემინდობ და მინდა დაგპირდე რომ მყარად დგომის მიზეზსა და ძალას ვიპოვნი. ღამით კი ისევ წერას ვიწყებ. ვიწყებ გაქცევას. მიწიდან ვწყდები და ნისლების ვიქცევი ფარდად. გავრბივარ სისხლის ფორიაქი, ღელვა არ წყდება. გავრბივარ ტვირთად შენ მომყვები. ტვირთად და დარდად. ვბრუნდები ჩემო, გულში გიკრავ. ყინულის ლოდებს ამოუვსია ჩემს გარშემო სივრცის კედლები. ნელნელა ვანგრევ. ვანადგურებ. ვლოცულობ. ვგოდებ. ქაოსი ჩემში, ქრონიკული, ეშმის ემბლემით. ბოლოს კი ცრემლებს გიმალავ და ჩურჩულით ვამბობ: ბოლოჯერ გიწყობ სასთუმალთან ოქტომბრის რტოებს. გითმობ ჩემს ბოლო ჩასუნთქვასაც. სიცოცხლეს. ამბორს. გარწმუნებ უფლის სასჯელია უყვარდე პოეტს. და თუკი გიყვარს - უფრო ძნელი. უფრო საშიში. ახლა ნერვებზე მომეძალე. დარდით შევმცირდი. გთხოვ მაპატიე. მაპატიე ჩემი მახინჯი - უმახინჯესი არსებობა შენში. . შენს ირგვლივ. ... ვწერ. სამი თითით პირჯვარს ვწერ ფურცლებს. ვწერ. ლექსებს არა, ვერ ნათქვამ ლოცვებს. ვხრავ არსებობის მტკივან მომენტებს, ცა რომ დამძიმდა წასვლა შევთხოვე. ეცოტავებათ ღმერთი პოეტებს. რადგან წერისას თვითონ ღმერთობენ. ვწერ. საკუთარ თავს პირჯვარს ლექსით ვწერ. თვალგახელილი ვერ ვწერ ვერასდროს. და ტრანსში ცხადად თუ დამესიზმრე გრძნობაა თითქოს , ქრისტე მენახოს. ... უბრალო ნავი მინდა, სიმშვიდე-ფერფლისფერი. თოვლს ვადა გაუვიდა და დედას გეფიცები. ჩამოდნა ხეებიდან ლოლოთა დიადემა, უდროოდ ვბერდები და დროულად მიამდება გრძნობათა იშემია. ღიმილი ორიოდე. ვერაფერს მიშველიან, ვერაფრით მიშველიან, ლექსები, (შენ მაინც მოხვიდოდე). შორეულ ჰორიზონტზე დახშული ღამეებით სიმშვიდე მოიპოვეს მოლურჯო ლიანებმა. და მწვანე თვალებიდან მოთეთრო განედამდე გაცურვა გვიანდება. ჰო, ვადა გაუვიდა თოვლს არა, რეალობას. და ყოფნა არ ყოფნის ნეგატივს ემსგავსება. გათოვდა, ცა მიწას ცივ შუბლზე ეამბორა. მე კი ეს უმანკო ფიფქები მენანება. უბრალო ნავი მინდა თეთრ ზღვას და თეთრ ცას შორის, რომ თეთრი ნაპირიდან შემდგარი მიზანტროპი ლურჯ თოვას შევერიო ერთადერთ ნათებამდე. ვიგრძნო რომ სამყარო მშვიდფერად მაფერადებს. ... არ თოვს. შობა დგას კართან. არ თოვს. ცა იხდენს ცივ ფონს. მზე სუსტია და კრთება, ყველა სისუსტე მომწონს (ქალური).. ნება დამრთე, ასე უბრალოდ, სადად სუსტ და ჩამქრალ მზეს ვგავდე, თეთრი კარავი დავდგა შენში, შენს გულთან ახლოს. დეკემბერს სუნთქვა უმძიმს, როცა არსაით არ თოვს. როცა ზეცაა მუნჯი. ვერდახსნილ ფიქრად გფიქრობ. ვოცნებობ. . მეტად ვდუმვარ. სულშენაციებ სინქრონს ვერ გადავურჩე თუნდაც. ვერ გაზაფხულდეს ჩემთვის დილა ნამარტალ ცაზე. და ნაზამთრალი ვერცხლის- ფერ, ყინულის ქალს ვგავდე. ეს უთოვლობა მომსპობს. მომწონს სიცივის თრთოლვა. მოთოვს. უთუოდ მოთოვს, პირობა დადო თოვლმა. ... ზეცაამომშრალი თვალებიდან ღმერთი თვითნებურად განდევნილა. ცაზე თეთრი მთვარე დაეკიდა, როგორც მოწყენილი არტემიდა. ღუზაჩაშვებული რეალობის ერთი უხომალდო კაპიტანი. დგახარ სიტყვამკვდარი მეამბოხე. ფიქრობ, სუიციდსაც გარისკავდი. ... ღამეა სიცოცხლის შეჩვეულ სიმპტომებად. ეპოქა უჩვეულო - ცალმხივი ერთგულებით. ძნელია ცხოვრების მარტივად მიტოვება. როცა შენ აქ ხარ და როცა შენ მეგულები. მოვდივარ თითქოს და ისეთი არაფერი. გული მაქვს ცარიელი.. თვალები ნისლიანი. ხეებმა გაიხადეს ფიფქების სარაფნები, ამინდი შენსავით, ცივი და იშვიათი. ... ახლა ხომ გძინავს, ახლა მაინც ვილაპარაკებ. ახლა ხომ არ ჩანს სიხარულით მოციმციმე შენი თვალები, როცა გგონია რომ თითქოსდა ვცდილობ ცხოვრებას, თითქოს ვინდომებ. ეს შენთვის თორემ, ღმერთმა იცის ჩემი ლექსების ტკივილი და ზამთრის სიმძიმე. ახლა ხომ გძინავს, ხომ არ გესმის ჰოდა ვიმღერებ, ვიმღერებ როგორ შემაშინა მზემ და ნათებამ. რომ ყოველ დილას ფერებს იცვლის ჩემი ფარდები და სარკმლის მიღმა ალიონი დაძრწის ყმუილით. რომ გარეთ გასულს ქარი მკაწრავს სახეს და ტერფებს შეჩვეულ ყინვას ვეღარ უძლებს სუსტი მუხლები. ვიმღერებ, რომ კვლავ მივუყვები ბაღებს და მცივა ჩემზე ადრეა ჩასახული ჩემი წუხილი. მძინარეს გეტყვი, თორემ ისე როგორ გავბედო, თქმა რომ ნაბიჯებს ვერ ვერევი, მღლიან ქუჩები. გზა. ხალხმრავალი ადგილები. მეტრო. ქალაქი გარბიან ირგვლივ ისტერიულ სულისკვეთებით. მე კი ვჩერდები, ფიქრებსა და სამყაროს შორის, როგორც ჩრდილი ქარებისა, როგორც არ ყოფნა, დავხედავ თითებს აკივლებულს, ვეღარ ვიხსენებ სად მივდიოდი. საიდან და რატომ მაკრთობდა არსი სიცოცხლის. ახლა ხომ გძინავს, გადაგირბენს სიზმრად ღიმილი, და ვერ მოისმენ აღსარებას, ღამის ქრონიკებს. ხომ შეიძლება, ზოგჯერ ისე მღლიდეს ცხოვრება დღეთა ყმუილში ღამეული სევდა მომინდეს. ... .. იწვიმებს. წაშლის მოლოდინებს, წაშლის ნატერფალს. წვიმა თბილ სარკმელს ცივი მხრიდან ეამბორება. ერთ დღეს შენ ჩემი ყველა ლექსი ისე დაგსეტყვავს, თითო ტაეპი სიკვდილივით გემახსოვრება. ... გონებრივი აბლაბულდა. აკვიატებებს შეჩვეული ვბორგავ ბოლო დროს. ამიყოლია დღესაც ფიქრმა უშნომ დილიდან. "ეკლესიასტე" , ტრაგიზმი და იქნებ , სოლომონ. იქნებ სამყაროც აღსასრულის ზღვართან მივიდა. უკურნებელი სენია და მძლავრი შიშების ჩემი გონების ბნელ კუთხეში გადმოსახლება. მე საკუთარი პორტრეტიდან ნელა ვიშლები. მობეზრებული სიზმრის გვერდი ამოსახევად გამზადებული ჩუმად ველი მგოსნის განაჩენს. და მის თითებზე მინდობილი აღარ ვიწუხებ თავს რომ ვიბრძოლო. ვიარსებო ანდა გადავრჩე. კლდოვან ქვესნელებს. სიბნელეებს მღვიმე მიწურებს ვეძებ და დუმილს. დუმილს მოაქვს თეთრი სიმშვიდე. სწორედ იმ თეთრი უნაპირო ჰორიზონტიდან სადაც მე ყველა დაკარგული სული ვიშვილე. სადაც მე კიდევ არცერთხელ მოვალ მოგიტან ღმერთო, რაც ჩემი ვალია და ჩემი მისია. მაგრამ უჩნდება ჩემს ნაბიჯზე ასფალტს ბზარები. ქაოსი. ბზარი. ნაკვალევი. ბრალიც სხვისია. და მიკვირს. მიკვირს ამ ქაოსში როგორ გავები. როგორ გავები მე სამყაროს აბლაბუდაში. ან როგორ ვიტევ გალაქტიკის მბორგავ ქარიშხლებს. არ მინდა შენგან თანაგრძნობის სიტყვა ნუგეში. აბლაბუდიდან ჩამომხსენი როცა განიშნებ. ... შენს თავს მე ერთ დღეს ვიღაც წამართმევს, მივხვდი და უკვე გამოგიტირე. ... წაიღებენ, ზღვები გემებს წაიღებენ. კონსტრუქციულ ნაგებობებს ქარები. დამსხვრეული სარკეები დამიჯერე, გადამალე შეუკურთხე გამჩენი. ყველაფერს რაც მოგონებად გადაგექცა. ყოველივეს რამაც გული გატკინა. ნუ დაუწყებ ლიდინს ბედის კამათლებს და სინანულიც მოისროლე სარკმლიდან. გაიგებენ, ვერასოდეს გაიგებენ. გულის ტკივილს პოეტისას , ამიგო. ღამეებს რომ სუიციდით აიმედებ ნეტაი შენ თუ ვერავინ გაგიგო. აივნებზე, სახლმონგრეულ აივნებზე გაშიშვლებულ სულს წვიმაში გაკიდებ დაიწყებენ, ჩურჩულებსაც დაიწყებენ. მე კი მათი სიმარტივე მაკვირვებს., ...FRANCE..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი