რომელი სიმშვიდე
რომელი სიმშვიდე.. მძაფრად რომ ქრის ზეცის ბზარებში?! თუ გარინდული ღამის ექო, ჭაღებს რომ ამსხვრევს.. ან იქნებ მარში ფოთოლცვენის - უშემოდგომო. ნაადრევი და ნაავდრალი.. დაჯექი სადმე. ჩამოჯექი.. ქალაქის ჭუჭყი შენც ხომ აგეკრო კანზე მსუყე ტკბილეულივით. მდუღარე მტვერმა გაგიხუნა წარმოსახვა და წრეზე ტრიალებ.. სეზონს - სეზონი თვეს - თვე დღეს დღე ცვლის შენ კი უბრალოდ მოიაზრები - ელისეის მინდვრების მიღმა, ან ნორვეგიულ ფიორდებთან შეუმჩნეველი. დღესასწაულის საჰაერო თეთრი ბუშტებით გარშემორტყმული.. სურვილები კი, მეამბოხე გოლიარდები, იხოცებიან.. ვინც მეორდება ცხოვრებას და ცხოვრებას შორის, როგორც მუდმივი მგზავრი ანდა ამბავი ბასრი, იწყებს ხეტიალს წარსულსა და მომავალს მიღმა, იღბალს და მჩხიბავ ბედისწერას მიანდობს მანძილს ეცლება გარსი - მას სიმყარის, რწმენის, სიმტკიცის და მას მით უფრო არსებობის ეცლება არსი. მერე, ღმერთმანი, დაეძებენ ჩუმად ერთმანეთს - ქარწაღებულნი, მარტოსულნი, წყალწაღებულნი და ქარი აღარ ატრიალებს თურმე წისქვილებს, თურმე ლექსებიც არ ყვებიან სევდიან ამბებს. აღარ იზრდება მდინარესთან იმედის ხავსი. . რომელი სიმშვიდე.. მძაფრად რომ ქრის ზეცის ბზარებში?! თუ გარინდული ღამის ექო, ჭაღებს რომ ამსხვრევს..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი