გამისულერთდა


გამისულერთდა ყოველი დღის ფუჭი ნათება,
ვეღარ მაოცებს მზის ამოსვლის წამი დიადი.
ბედისწერა ხარ, იღბალი, თუ თავად განგება,
აღარ მჭირდები, ისე ძლიერ დამიგვიანდი.

ვხვდები ბოლო დროს, უნიათო დამჩემდა ჩვევა,
სულ ველოდები დაკაწრული ზეციდან თავსხმას.
რაღა დროს ცრემლი, გოდებაა ან კიდევ ღელვა,
როცა ტკივილი ამქვეყნიურ ჯებირებს გასცდა.

რატომ მეგონა ცხოვრებაში, რომ მიმართლებდა,
როცა ვკვდები და ჩემს ტოტებზე ვერ ვტოვებ ნაყოფს.
ღმერთმა იმედიც ქაღალდების ნავს მიაწება,
წყალს გაატანა და გული კი მოლოდინს არ თმობს.

შენ მებრალები, თორემ კარგო, მე ჩემს ზეცაზე
მზეს ჩავაქრობდი, რადგან ჩემში უკვე დაღამდა.
ჩემი სარკმლის წინ მარადიულ წვიმას ვიხმობდი,
დავწვებოდი და დავიწყებდი რითმის დამარცვლას.

სათითაო კარს ჩავრაზავდი ჩემთან მოსასვლელს,
შევერწყმებოდი სიმარტოვეს, ფიქრს და სიჩუმეს.
ხალხის აზრმა და სიტყვებმაც კი ისე მომწამლეს,
ჩემში შენდობას ერთი თაროც ვერ მივუჩინე.

არჩევანი, რომ მომანიჭო, ღმერთო, მომავლის,
მითხრა - შენზეა, აირჩიე შვილო, თამამად.
დამხვდეს დიდების, წარმატების, ბედის ტრამალი,
მე, რა თქმა უნდა, ავირჩევდი შენსკენ სავალ გზას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი