ღანდევუ


მოდი, ეს პირქუში ღრუბელი განვდევნოთ,
ოცნება ისწავლე, მე მაინც მომბაძე.
ნაწვიმარ პარიზში დავნიშნოთ რანდევუ,
ჩამკიდე ხელი და ავიდეთ მონმარტრზე,

მერე რა, თუ უკვე წლებია თითებზე,
მოვირგეთ ბაჯაღლოს ღვთიური რგოლები.
სიგიჟეს ვინ გვიშლის, შენ მხოლოდ ინებე
და ისევ დავბრუნდეთ წარსულში დროებით.

წამოდი, დავიპყროთ ფრანგული ქუჩები,
პარიზელ კახპებსაც რომ შერცხვეთ ამ ღამეს,
ისე დავისველოთ წვიმაში ტუჩები,
რომ ჩვენი სიგიჟე არასდოს დამთავრდეს.

მერე რა, თუ უკვე მეუღლე დამერქვა
და წლებმა წაიღო ბავშვური განცდები,
ისევ ის გოგო ვარ ჯიუტი, თავნება,
გპირდები მოხუციც ასეთად დავრჩები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი