გაქცევა
მერე ისევ მძიმე ღამის ჩამოეშვა ფარდები. მერე ისევ გამიმხილა მთვარემ გულის ნადები. ვარსკვლავები კელაპტრობდნენ გალაქტიკის არეში და ჩემს სულსაც იქ ეწადა ჰორიზონტზე თარეში. მერე ისევ მიეკედლა მთელი ჩემი არსება, წმინდანებით გადაჭედილ ამოუცნობ არსენალს და ეს სული მიიწევდა სადღაც უცხო მხარეში, მაგრამ მაინც წარმართების ლაბირინთში გავები. აზრი ისევ გაურბოდა ტარანტულთა დიდებას, მას უბრალოდ სიმშვიდეთა არეალი სჭირდება. თვალი მაინც ესწრაფვოდა იმ უხილავ სიღრმეებს, სადაც მცირე წვრილმანებიც ბრწყინვალებას იჩემებს. გრძნობის ყველა უხილავი სიმი გაჰყვა იმ ბილიკს, სადაც მოსჩანს გზა დიადი სიცოცხლიდან სიკვდილის. მერე ისევ გათენდება, უმადური ნათებით და ცხოვრების სიმახინჯეს მოედება ნათელი. მერე ისევ გაისმება წარმართების სიმღერა, სამყაროში მოეწყობა აღლუმები ნიღბებად. მერე ისევ დაეშვება ციდან წვიმა თავნება და ვერცხლისფერ ფარდას მოქსოვს უხილავი განგება. წამო, გავცდეთ დედამიწას, თორემ უკვე ინათა და აპრილის წვიმასავით ბოროტებამ იმატა. წამო, მივწვდეთ გალაქტიკას, უკვდავების ნერგებად, თორემ ცოდვილ სამყაროში გვიტოვებენ მძევლებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი