ღიმილის კაშნე


პოეტურ ზმანებათა ქნარით,
მათრთოლებს მთვარის ყელი-ბროლი.
შენ ჩემი - მოალერსე ქმარი.
მე შენი - ბედნიერი ცოლი.
შემოვრჩით ერთმანეთს და 
ბექობს
ჭაღარაც შეერევა მალე.
ჩემში რომ შენი სუნთქვა მეფობს,
გიკოცნი ზურმუხტისფერ თვალებს.
დავუცდი შებინდებას, 
მოხვალ...
ღიმილით მოგეხვევი ყელზე.
შეუნდე მეოცნებე მგოსანს,
უშენოდ წამითაც თუ ვერ ძლებს.
მშიერსაც დაგაპურებ ლექსით,
მწყურვალსაც წყაროსავით გშველი.
შენ ჩემი სიყვარულის მწყემსი.
მე შენი ოცნებების მცველი.
ჩემს სუნთქვას მოგახურავ ქარში,
მოგიქსოვ ამ ღიმილის კაშნეს.
შენ ჩემი სიცოცხლე გაქვს ვალში.
მე შენი მოფერება მმართებს.
ნუ დარდობ,
ვერ მოგტაცებს ქარი,
ჩემს თავს და 
გაგაღმერთე მგონი.
შენ ჩემი - საოცნებო ქმარი,
მე შენი - მეოცნებე ცოლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი