უფრთო ბალადა


შენ იზრდებოდი იმ მხარეში სადაც წალკოტი,
ღვთით კურთხეული მადლისაგან ზეცამდე ადის.
იზრდებოდი და მომავლისკენ გზას შენატროდი,
დედის თვალებში სხივად ენთე, ობოლი ვაჟი.

ხელისგულებზე შენთვის წვავდა ერბოკვერცხს, ასე
თავს გევლებოდა, შეგხაროდა საბრალო დედა.
და ბედისწერა სიხარულით არავის ავსებს,
ოდესმე წყდება ბედნიერი ბალადის მღერა.

შენს პირტიტველა გულშიც გაჩნდა პატარა კვირტი
სიყვარულისა, სამყაროს რომ ნაზად ათრთოლებს.
მის ნაკვალევზე დადექი და დედის გულს ჰყიდდი,
როცა წახვედი და სამშობლო უხმოდ დატოვე.

წახვედი, მისწვდი ჩუქურთმიან ფრანგულ გარნიზონს.
ხარობდი შენი სიყვარულის ხიბლით და ნიჭით.
მაგრამ იგრძენი, უცხო ქვეყნის რისხვა არ გინდობს
და შენც დარდიან კაცს ემსგავსე პატარა ბიჭი.

გულზე ტალღებად შემოგაწვა, სიშორის სევდა,
მხოლოდ სასმელი გიამებდა ნატკენ იარებს.
დადიოდი და დედის გული კვალდაკვალ გდევდა,
მაგრამ ამ გზაზე დიდხანს მაინც ვეღარ იარე.

აღარ გათენდა იმ ოქტომბრის მზიანი დილა.
ასე ნამთვრალევს სარკმლის მიღმა ფრთები დაგჭირდა,
შენი სხეული შეციებულ ასფალტზე იწვა,
შენი სული კი ანგელოზად ცაში გაფრინდა.

სამი წლის უკან ოქტომბერმა ჩაიცვა ძაძი,
ნეტავ საბრალო დედის კალთას არსად გაეშვი.
ერთ დროს ხალასი, უდარდელი, ობოლი ვაჟი,
უფრთო მტრედივით ჩაგასვენეს დედის მკლავებში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი