ჰალუცინაცია


მე ამ დილასაც სასთუმალზე მკვდარი მიპოვეს,
მაშინ, როდესაც მზეს აჩენდა ორსული მიწა.
ჩემმა თითებმა სევდა ლექსად გამოიგლოვეს,
და ჩემთან ერთად მზის აკვანში 
აპრილი იწვა.
ცის სარკეები ირეკლავდა ჩემს ფერმკრთალ სახეს,
აორთქლებული ცრემლი უკვე ვერცხლის წვიმებად
მოდიოდა და მე სიზმარში ქორწილი ვნახე,
ანგელოზების ჯვრისწერაზე 
ჰქონდათ მიღება.
და არა ერთი, არა ორი, არამედ ბევრი
მსგავსი ჯვრისწერის მე ვყოფილვარ თანაზიარი.
მაშინ, როდესაც თქვენ გეძინათ, 
მე მჭირდა კეთრი
პოეზიის და ღამეები მქონდა მზიანი.
მაშინ, როდესაც თქვენ გეძინათ, 
მშვიდი სიზმრებით,
მე ზეციური წვეულების ვიყავი მომსწრე,
მე ყოველ ღამე ანგელოზთა ცრემლით ვივსები,
და პროცესიად ცელქი მარტის წვიმები მომსდევს.
ყოველი ღამის სანუკვარი გარდაცვალება,
მექცა ახალი დაბადების წამის სიამედ.
და თუ ოდესმე ვეღარ ვპოვე კვლავ დაბადება,
და თუ ოდესმე 
ჯვრისწერაზე დავიგვიანე,
მაშინ მე ვუცქერ დედამიწის საამო რხევას
თეთრი ნისლების სასთუმალზე - ზეციურ აპრილს,
მაშინ მე უფალს ანგელოზთა წირვაზე ვყევარ
და ვარსკვლავების კრიალოსანს ლოცვებად ვმარცვლი.
მაგრამ მანამდე, 
ვიდრე აქ ვარ, მოვაწყო მინდა
უკანასკნელად პოეზიით, გრძნობების მარში.
უკანასკნელად შეგიგრძნო და 
ჩურჩულით გითხრა:
''მეცეკვე, ღამევ, განშორების მეცეკვე ვალსი''

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი