ცა ისევ ახმაურდა


ცა ისევ ახმაურდა,
რაფაზე დამიტოვა
ღრუბლიდან ანათალი წვეთების ოვალები.
ისე ვარ ვეზარები ყოფნას და ამიტომაც
სიზმრიდან სიზმრამდე სიცოცხლეს მოვაკლდები.
ნისლია უჩვეულო.
თვალებში ჩამისახლდნენ
მდუმარე აჩრდილები თვითმკვლელი პოეტების.
ცხოვრებავ, ქვესკნელის ფერით რომ დამიღამდე
სამყაროს ნანატრი სიმშვიდით მოვედები.

ცივია კედლები. 
სიცივეს ვეგუები.
შენც ასე ცივსა და გაყინულს მომიარე.
დათვალე თვალებში მოკლული ბეღურები,
მიმიღე იდუმალ ღამეთა მობინადრე.
ქარები დუდუნებენ წვიმიან ამინდებზე.
არ მინდა სიცოცხლე ღამემდე დამიღამდეს,
ძვირფასო, 
წვიმებიც ვერაფერს მავიწყებენ
და უკვე ძალიან, 
ძალიან დავიღალე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი