ახალმოსახლეობა
არ უნახავთ ამ ოთახებს აჩრდილები. დაკარგული სულებიც არ სტუმრობენ. მე კი სიზმრებს დავაკვებებ საძინებელს, კედლებს მყუდრო ამბებს გამოვუგონებ. სევდის ვახშამს მოვამზადებ გაზქურაზე, აივანზე ნატვრებს გავამზეურებ, მშრალ ღვინოზე ცვეტაევას დავუძახებ, კობო აბეს დავახვედრებ საუზმეს. საწოლზე რომ ოცნებების ზეწარს გავფენ, ბალიში ხომ თეთრი ღრუბლის მექნება. სარკეებს თუ მოგონებად შევეზარდე დამაღონებს მოკვდავობის შეგრძნება. არ შევიმჩნევ ღია ფანჯრებს და სიმაღლეს, ზამთრის ქარის ტრაგიკულად ხეტიალს. ნედლ კედლებში ქალად ალბათ ვერ ვივარგებ. დღეს პოეტი ჩემში ქალზე მეტია. უძილობით, ცხად სიზმრებში მობინადრე, დაუწერელ ლექსებს დილით წყალს ვეტყვი. აჩრდილად თუ ამ კედლებში მოვინათლე, თუ სიზმრებად ამ ოთახებს დავჩემდი- დაკარგული ჩემი სული აქ დაიდებს ბინას, თითქოს არსებობის დროს ზოგავს, მაშინ ჩემში პოეზიაც გადაიღებს დავიბრალებ- ფუძის ანგელოზობას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი