რა ლამაზია ეს გირჩები
რა ლამაზია ეს გირჩები,. ჩვენ რომ ვაგროვებთ. რა ლამაზია, მის ნაკვთებში ფიქრებს ვაგროვებ. მაგრამ შრებიან გირჩები და გაიშლებიან. სწრაფად შრებიან და ფიქრები განიბნევიან. შენ, ჩემი შვილი ხარ და ახლა ყველაზე ხშირი ჩემი ფიქრების ამპლიტუდა რომ იყოს შენკენ მომართული, თუ როგორცაა. ან გადმოხრილი. ამის მაგიერ, მე მისკდება გული და რეკენ სულს შეჩვეული სამასი წლის ყვავები დარდის უმძიმეს ზარებს, მაშინ როცა ქარია გარეთ და მე გავყურებ ნაგვის ურნებს, ღრიჭოდან ფანჯრის. ცაში მერცხლები თბილ ქვეყნისკენ ირაოს კრავენ. ნაგვის ურნაში საჭმელს ეძებს მოხუცი კაცი და მე მისკდება გული-მეთქი. გითხარი უკვე. უკვე გითხარი და არეულ სტრიქონებს ვვარცხნი თითებით, როგორც დედის გრძელ თმებს და ჩუმად ვუღრენ ცხოვრებას, მერე გულზე შებმულ ტკივილებს ვითმენ. სამი ვეება ტვირთის გუდა ამკიდეს საგზლად. კვლავ ვიზეპირებ ჩაბრუნებულ ცრემლების ტიტრებს. გული ვახსენე, ამ სიტყვაზე ისევე მზაფრავს ფიქრები, როგორც იმ მოხუცზე, რადგან გულზე ხომ პატარა გოგო მახსენდება. გული აქვს ავად. სულს აცოცდება სევდის დიდი, მწვანე მუხლუხო. კიდევ რამდენი ჩამოვთვალო, ჩემი ხატია (თუ როგორც არის) ეს სახატე სამშობლო გახდა ადგილი სადაც ძაღლის თავი ყველგან მარხია და უარესი! თვითმკვლელთა ტყე, აოკიგაჰა- რას ტყე, ვაი, რომ მასთან ახლა მონაგონია. ტვირთი ვახსენე, თან სამი და ამასთან მძიმე. ტვირთი ვახსენე და ტკივილი ღმერთსაც გვახსენებს. ვფიქრობ და მიკვირს ეს სიმძიმე რა მხრებით ვზიდე. ვეღარ მოვიხსნი ნაჭრილობევ სულზე სახვევებს. ვიჯექი სადღაც, საღამოზე პოეზიის თუ უბრალოდ ღამის მისტიური სიზმრის მიწურში. ლექსებს ვისმენდი, ტაშისათვის მოვემზადე და მივხვდი, რომ ტაშის დაკვრის ნაცვლად პირჯვარს ვიწერდი. ასე იცისო სადარდებზე ლოცვებმა მუდამ. დარდს რა გამოლევს, ხშირი არის როგორც წიწვები ამ საახალწლო ნაძვების და რა მშვიდად ვდუმვარ, ამხელა ტკივილს.. არც სხვისი ჭირი არ ყოფილა ღობეებს ჩხირი ჩემსთვის არასდროს. რა მყიფეა სულის კარიბჭე, ამ კარიბჭესთან კვლავ ბებერი იშხვარი ჩხავის. ლექსებსაც ასეთ მნიშვნელობას რატომ ვანიჭებ. სტრიქონებს ისევ გათვალავენ სიტყვები ავი და კიდევ რამე დაიწეროს ხდება საეჭვო. ისე გართულდა თვალბუდესთან ნერვის ანთება შვება არ მოაქვს ნალგეზინებს, ამიტრიპტილინს, წუხელ სიზმრიდან ტვინის ყველა უჯრედს მართმევდა ის ყვავი. ახლა, მე უმთავრესს ვანეიტრალებ.. რომ არ მახსოვდეს ძველ ფანჯრებთან როგორ ყვავილობს ტივოზანიბი, როგორც ერთი პოეტის სახლში, თუ სწორად მახსოვს ინსულინის ყვავილები და ეს საფიქრალი როგორ უნდა განვაზოგადო. ვგრძნობ ამაღამაც უმოწყალოდ დამიჯდებიან შავი ყვავები სასთუმალთან. (როგორ დამღალეს). ყვავები სხედან. ირგვლივ ნისლი. გარეთ ქარია. ყვავები სხედან და ალვებზე ქარი შრიალებს. ვეჭვრობ, ლეკვები მგლისანი რომ ალგეთს არიან და ეს ცხოვრებაც დაუნდობლად გვაიშვიათებს. შენ ჩემი შვილი ხარ და ახლა, მოდი დავხატოთ თბილი მზეები, ან ის დიდი თეთრი “აუა”, ასე რომ გიყვარს და შენ, ჩემო ბიჭო, ნანატრო, ვწუხვარ, რომ ერთ დღეს ბავშვობასაც ყავლი გაუვა. შენც შეაბიჯებ დიდობაში და მიხვდები, რომ უნდა იმღერო. ცხოვრებაზე უნდა იმღერო, როგორც ვიმღერებთ “კარალეთის დღეებს” მე და შენ, იმათ სახსოვრად, ვისაც ვიცით, მუდამ ვახსოვართ. რომ მოვაცილოთ შეჩვეული ფიქრებს სიშავე, ნუ შეიყვარებ მთელი გულით დედის ნახსოვარ ყავადანსა და ამგვარ ნივთებს დარდებს აღრმავებს. რა შუაშია, მაგრამ ბოლოს ერთს დავამატებ- მინდა უღრუბლო, თბილმზიანი სამშობლო გქონდეს! უკიდურესი დერბენტიდან ფსოუს საზღვრამდე..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი