ქარების. ზამთრების. სიზმრების.


უსახელო ვარ. 
უფესვებო.
დამთმო ზამთარმაც.
არ ქარგავს თოვით ქრიზანთემებს, 
როგორც ქარგავდა.
რომელ სეზონში დავეკარგე,
რომელ თიბათვეს..
რომელ ამბავში ჩამტოვა და
გადაიკარგა..
ჯერ არ ჩამდგარა ქარიშხალი,
მარტის ბორიო.
ო, როგორ ცდილობს 
შორი გზებით გამიყოლიოს.
აბა, ქარი რის ქარი არის,
თუ არ იქროლა
ან სევდა რისი მაქნისია,
თუ ვერ მიპოვნა.
წამიღებს სადმე სუსხიანი,
ნაპირს მიმახლის.
მერე მიამბობს, 
როგორ სწამდა, როგორ უყვარდა.
უფესვებო ვარ.
შენზე დარდით სავსე პირამდე.
ჩამრგე ქოთანში, 
გულთან ახლოს დამაბინავე.

...

ზამთარი იყო და არც ყოფილა.
თოვას ველოდი და არ თოვდა.
ცხოვრება-სიცოცხლის სარკოფაგი,
ცუდი სიზმარივით მახსოვდა.

ითოვოს. იქნება გამახსენდეს,
რომ სული ზეცასაც ემღვრევა.
უკანასკნელად გამამხნევე.
უკანასკნელად მიმღერე.

გადამავიწყდა თოვლის ფერი.
სიმშვიდეც, თოვას რომ თან ახლავს.
უკანასკნელად მომეფერე.
უკანასკნელად დამმარხე.

...

წრებრუნვაა.
მარტიც მოვა რას იზამს.
მე მარტამდე 
ან გავძლებ და ან ვერ.
წუხელ ისევ ალიქალი მესიზმრა.
თმაგაშლილი საფლავის ქვებს ამტვრევს..
ინგრევიან ძველი კათედრალები.
ვიღაც უვლის გახუნებულ მინდვრებს.
ბედისწერას ვერსად დაემალები.
ბედი გარბის,
მწერალი კი მისდევს.
სოფლის სახლის სახურავზე კრამიტებს
ადგილს უცვლის მოსეირნე ქარი.
აღმა-დაღმა ყვითელ ფოთლებს არიგებს
და ფოთლებიც ფიფქებივით ბარდნის.
რას გაუგებ სიზმრებსა და ნასიზმრებს.
რას გაუგებ ქალებსა და ალებს.
სული ცივი, 
სველი თოვლით ავივსე.
შენ თუ გინდა ეს ფიფქები თვალე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი