არაფერი მესაქმება
არაფერი მესაქმება მე ამ ზამთარში.. ამ ქალაქში და ამ ქუჩებში. თითქოს გაფუჭდა სამყაროში რაღაც მთავარი. გადაიწვა ძველი ჭაღივით. და აღარც თოვებს ველოდები მოუთმენლობით. ახლა ჩემშია ზამთარიც და უწყვეტი თოვაც. გაზაფზულებიც ვერ მომიტანს ვარდისფერ კვირტებს. მხოლოდ სულზე გამომაყრის ჩუტყვავილებად ვერ ნათქვამი ყველა სიტყვა, ყველა ოცნება. რა უსასრულო სევდა მოაქვთ მამებზე ლოცვებს. თითქოს ამოყრის ძველი სახლის ძველი სკივრიდან თბილად შენახულ ბავშვობის დღეებს. სათითაოდ ჩამოამწკრიებს, რომ დაჯდე და ფრთხილად ეფერო. ჩამოწმინდო ნაგროვები მტვერი და მერე გულში ჩაიკრა, რომ როგორმე გადაარჩინო, არ შემოგემსხვრეს გაბზარული ბროლის ჭაღივით. არ დაეფანტოს ძველი მაგრამ ძვირფასი თვლები. დამტვერილი, თუმცა ბზინვარე. რა უსაშველო სევდა მოაქვთ მამებზე ლოცვებს, აშლიან ფიქრებს, როგორც ბავშვობის ეზოებში ირეოდნენ თეთრი ბატკნები. მოჰყვებიან ფიქრებიც ბღავილს და ხტიან ურჩად ენძელებით მოფენილ ველზე, ხან იებზე გადაირბენენ, ხან კი მაყვლის გაუვალ ბუჩქებს შეერევიან და რა რთულია თავის დახსნა ლაბირინთიდან, რომელსაც ტკბილი და ბავშვობის დღეები ჰქვია. სადაც იცი, ძველებურად აღარ იქნება აღარაფერი. მით უფრო მაშინ, როცა მძიმე, უსაშველო ტკივილი მოაქვთ მამებზე ლოცვებს. და არაფერი გესაქმება შენ იმ ზამთარში, სადაც მათ სტკივათ, დარდობენ და ჩუმად არიან..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი