შობის ღამის ფიქრებიდან


აღარ ვკითხულობ ლეონიძეს.
აღარც ჭილაძეს.
ვგრძნობ, 
უპირობოდ ტიციანმა გადამიბირა.
მთელი სიცოცხლე 
ამოვარდნილ ქარებს მივანდე.
და ქარზე სწრაფად 
მე სამყაროს მიღმა მივფრინავ.
(თვალს გადავავლებ მეათასედ
“დადა მანიფესტს”..
ნუ დაეშვები სულის ფსკერზე, მზეო ქალდეის).
თუ უმნიშვნელოს
მნიშვნელოვან როლს მიანიჭებ,
იგრძნობ, საკუთარ თავზე უფრო
მეტად მაღლდები.
თუ ინატრებ, რომ შობის ღამეს უფალი იშვას
გაყინულ გულში, 
როგორც ზამთრის ღამეს ბაგაში.
გადაარჩინე სულ პატარა სიწმინდის ნიშა
შენში, რომელიც სულს შემორჩა, 
მაგრამ მალავდი!.

შავ-თეთრ სიზმრებში 
ვაფერადებ კანარის ჩიტებს.
კარაველები ძველებურად იძირებიან.
ფიქრი გამექცა ბავშვობისკენ, 
(ვიგრძენი იმ დღეს)
კანს შეაცოცდა მოგონება მიძინებული-
ჩემი ბებია მელიტა თუ 
“ღმერთი მელიტა”..
ყველა ვინც გვიყვარს, როგორ ჩუმად, 
უხმოდ ქრებიან.
მე კი ამ წასვლებს, (სამუდამოს)
როგორ ვერ ვიტან..
ვერ ვიტან მათგან დანატოვარ 
ჭურჭელს, მელქიორს..
ნივთებს და მათზე აყვავებულ 
მომწამვლელ ფიქრებს.
მონატრებებს რომ ემყნობიან მსხვილი ფესვებით.
დრო რომ ტკივილის მკურნალია-
ნეტავი ვინ თქვა..
მე ტკივილების ვუალებით 
მშვიდად ვიმსხვრევი.
ჩემს იქით აღარც პარიზია, 
აღარც მინდვრები
ელისეის და არც პატარა პატარძეული.
შემომეჩვია უჩვეულო
თოდის სინდრომი
და ქარს მივყვები 
სიზმრებიდან გამოქცეული..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი