მედიტაცია


არ დაიჯერო, რომ არსებობ 
და რომ ცხოვრობ, 
ან დაიბადე..
არ დაიჯერო..
თითქოს შენს თავს თუ მოძებნი,
სადმე იპოვნი.
რომ შინაგან ხმას თუ მოუსმენ 
ღმერთიც იქ არის.
ან ეს კოსმოსი ჩაიღვრება შენში მდინარედ.
ამაო არის,.
ამაო და ამაოება,
ყოველი შენი მცდელობა და გამომდინარე
აქედან შენ ვერ აღმოაჩენ ჭეშმარიტებას, 
რადგანაც ჩვენმა შემომქმედმა ასე ინება.
თუ მოისურვა თვითონ მოვა აქ ფეხშიშველი,
თეთრი კვართით, 
ხელში ლურჯი კრიალოსანით.
განდევნის შენგან ყველა დემონს, 
მონსტრს და მისთანებს.
ხელჩაჭიდებულს თან წაგიყვანს 
და შენ მიხვდები,
რომ არსად არ ხარ.
მარტო მიდის,
არადა თითქოს 
თან მიჰყვები. ხმაში შიშნარევ
ბგერებს ურევ, 
მაგრამ ხმაც არ გაქვს
და იწყებ შენი არსებობის 
რწმენის დამარცვლას.
ის მიდის 
შენ კი, 
მის გარშემო ქარის ფიქრი ხარ.
სითეთრე შენგან ამოსული ბრუნავს ღრუბლებად
და ამ ღრუბლებზე მიაბიჯებს ღმერთი ხილული.
შენში ლოტუსი რომ ჰყვაოდა
სანთლად ინთება,
როგორც ობოლი ჩვილის გულში 
ძილისპირული.
ეს თეთრი ღმერთიც იფანტება,
ღრუბლებს ერევა,
სამყაროს უნდა უმნიშვნელო სულის შებერვა.
რომ იგრძნო, შენ ხარ 
კოსმოსი და თავად ღმერთიც ხარ.
ლოცვაც ხარ,
საგალობელი და
უფლის შერისხვაც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი