კრისტალები
ისევ ქარზე ვწერ. გაცილებით მძაფრად ქრის თითქოს. რბილი სიმშვიდით ირხევიან მზის თავთავები. ქალი თმას იშლის. კალიები ხტიან მინდორზე. რა უცნაური საღამოა. ვწერ და მაციებს. ნეტავ როდის დავცარიელდი. ვფიქრობ და ვხვდები სიტყვა რა არის, ერთი სიტყვა ვერ ამომყავს მსუყე ამბებით გადავსებულ უძირო ჭიდან. აღარაფერს ვგრძნობ მზეებისას. აღარც ქარისას. რატომ არ მტკივა, ყველა გზა რომ სადღაც გაფრინდა?! რატომ არ მტკივა, ყველა ფარდა აქ რომ დაეშვა?! როდის გავქვავდი. რომელ ტკივილს შევეზარდე სულით ხორცამდე. რატომ არაფერს არ განვიცდი არც ჩემსას და აღარც სხვებისას?! მხოლოდ სიცივე შეეჩვია ტერფებს და ფრთხილად, ბასრი სიმშვიდით მისრიალებს სისხლში გველივით. ამავე სისხლში იზრდებიან ალვის ხეები. მრავლდებიან და დგანან მშვიდად, გველის ჭრელი ყელსაბამებით. აშრიალებენ ფოთლებს და სცვივათ გამომშრალი კანიდან სევდა. როგორც ფერფლი ნახანძრალ სახლებს. მე კი ვივსები ნაცრისფერი თოვლით და ნისლით. ჩუქურთმიანი სარკეები ირეკლავენ ნაზ სერდოლიკებს. ვუცქერ მზის ჩასვლას. რა შესაშური სიმსუბუქით არწევს ქარი ოქროს თავთავებს. რბილი სიმშვიდით ირხევიან პურის ყანები. ქალი თმას იშლის. კალიები ხტიან მინდორზე. ნუთუ არაფერს გამახსენებს მე ეს ჩრდილები?! ან ჩამავალი მზის სამსარა რატომაა ასეთი შორი?! ყველა ამბავი ერთიანად გავიდა ჩემგან, სიცარიელე ამოავსო ნისლმა და ქვებმა. ჩუქურთმიანი სარკეები ირეკლავენ ნაზ სერდოლიკებს. მძიმე ტვირთია ქვებით სავსე სხეულისთვის მსხვრევადი სული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი