3


1
ქარმა ქუჩა შემოსა
აბრეშუმის მარმაშით
აშრიალებს ფოთლებს და 
ფერფად-ფერად ცელოფნებს
ქარი როგორც ამინდის 
უპირობო მარშალი
ქრის და ჭადრის ხეებთან 
წმინდანივით ლოცულობს

მაღალ ხეზე ჩამობმულ
საქანელას არხევს და
როგორც უკვე გსმენიათ 
ხეთა რიგებს რკალად ხრის
ქარი ქრის და ჭრილობებს 
შეხსნა ყველა სახვევი
რასაც ასე სათუთად 
სტრიქონებში ვმალავდი

გულნატკენი გავცქერი
ქუჩას ბნელი სარკმლიდან
წერა 
ლოცვა
ოცნება
ერთად გადამავიწყდა
ღმერთო
ახლა გაგიმხელ
სასწაულად მაკლიხარ
და ვგრძნობ 
სულში უღმერთოდ 
მძიმე ბინდი ჩამოწვა

2
შენ ხე ხარ
ფესვებზე მობმული ლოდებით
შენ ხე ხარ
მოგჭრიან 
ან საყრდენს დაკარგავ
დაგწვავენ
ზღვის პირას ფერფლს დაველოდები
როგორც გადარჩენას ელოდა სასაკი
რომ ერთად გაგვფანტოს დეკემბრის ნიავმა
შენ ხე ხარ
ნაკაწრებს გიკემსავს მთის ქარი
სამყარომ შენს ძირთან ნავი რომ მიაბა
იმ ნავის მგზავრი და მფლობელი ვიყავი
ახლა კი მუხლებზე ხელები მიწყვია
ტბის პირას ვზივარ და 
ნავს ვუშვებ ფსკერისკენ
როდესაც ხეები დგანან და იწვიან
საშველი არ არის
ღმერთო შენ შემინდე
ეს უმოქმედობა 
ეს მძიმე სიმშვიდე
ვისაც წყალს ვუსხამდი
ვზრდიდი და ვუვლიდი
ყველა ან ხმება 
ან იწვის 
ან მივიწყებს
უბრალოდ მშვიდი ვარ
უბრალოდ გულგრილი
შენ ხე ხარ
სალი ხე 
დაგიპყრობს ეს ცეცხლი
დაგფერფლავს ძირამდე 
საწადელს მიაღწევს
მე ტბასთან უძრავად ვზივარ და ვერ გშველი
მშურს 
ისე მშვიდად და 
ლამაზად ბრიალებ

3
მე ვწერ სიმშვიდეზე
მზის ჩასვლისას თვალებში ჩამდგარ სიმშვიდეზე და
ქარის მოტანილ ბედნიერ დასასრულებზე
უდაბნოს ცხელ ქვიშაზე გაელვებულ იისფერ მირაჟებზე ვწერ
ამ ქვიშაზე არ დარჩენილ კვალზე
სიზმრებზე ვწერ
გრძელ 
ფერად 
დაუვიწყარ სიზმრებზე
კარუსელებზე და თოვლზე
თოვლიან სანაპიროზე
ხელისგულებში ჩამდნარ ფიფქებზე
ყინვიან თებერვლებში შემორჩენილ ბეღურებზე ვწერ
შორეულ ქვეყნებზე და ოცნების ქალაქებზე
მე დარდებზე ვწერ
მშვიდ
შეჩვეულ
ღრმად ფესვებგადმულ დარდებზე
წვიმაში ამოსულ სოკოებზე და ვერდაკრეფილ კესანებზე
ხოჭოებზე ვწერ
უფერებოდ დარჩენილ შემოდგომის გოგონებზე
სიკვდილის შიშებზე ვწერ
მაგრამ ერთი სიტყვა ვერ დავწერე შენზე-
როგორც მთავარზე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი