აბსცესი


სისხლიანი მზე უკანასკნელად რომ ჩაიღვრება 
მთაწმინდის მოხრილ ხერხემალში და
ამღვრეული ცხოვრების მატარებლის 
ბოლო ვაგონს ნისლები შეჭამენ,
მე მოგიყვები რეალობის შემზარავ ამბებს სიცოცხლიდან.
სურვილებიდან.
გადარჩენებიდან.
როცა ადამიანის ცნობა ვისწავლე თავი დავხარე.
თვალები მიწით ამოვივსე.
რათა არ მეგრძნო რას უსურვებდა ერთი მეორეს.
როგორ მიექანებოდა 
ერთის სულიდან ამოსროლილი ეკლები 
მეორის სისხლისკენ და 
როგორ ავსებდა უკურნებელი სენით.
დიდი ძალა აქვს თვალს და სიტყვას.
ერთი აავადებს, მეორე კლავს.
როცა ადამიანის ცნობა ვისწავლე, 
წელში მოვიხარე და საკუთარ თავში შევიმალე.
რომ არ გამეგო მათი ფიქრები, 
ავი ზრახვები. ავი აზრები...
საკუთარ თითებს ვიჩხვლეტდი ქინძისთავებით.
თავს ვინკურნავდი
ავითვალისგან,
ჭრელითვალისგან,
ცისფერთვალისგან
შავითვალისგან.
ესეც არ მეყო, შემოვდგი სკივრი
ჩემი გულის ზედა სარქველზე
და ამოვავსე წანაკითხის ტკივილით სრულად.
რა გულმა ზიდა ამსიმძიმე ნაგრძნობი ღვარძლი.
რომელ ფიქრში ჩავატიე ქვასავით დარდი.
ნუთუ ამისთვის ამძიმებენ დედამიწას რომ
ტკივილი თესონ.
როგორ ვიცხოვრე მე ამ სიღრმე სიცარიელე,
ტვირთით და ლოდით.
როგორ შევძელი
შემეცნო ყველა ჩუმი ზრახვის, აზრის სიბნელე,
მეცხოვრა ასე უხმაუროდ, 
როგორც თეთრ ფურცელს,
რომელსაც ყველამ წააწერა მელნით ნაფიქრი.
თვითონ კი იტევს სილურჯეებს
ხაზებს შორის და 
ხან ქარს მიჰყვება წამოქროლილს,
ხან იწვის უხმოდ.
ზოგჯერ კი, როცა 
სევდის ეკალს სულზე გრძნობს მძაფრად,
წვიმებსაც უხმობს.
ზის რომელიმე ცათამბჯენის სახურავზე და 
ნატრობს, რომ იქნებ
ამ თეთრი, 
უფრო სწორად კი უკვე 
ნაჩხაპნი, მაგრამ მაინც თეთრი 
ფურცლისგან ვინმემ
გააკეთოს ქაღალდის ნავი
და გააყოლოს დავიწყების მალაქიტისფერ 
მდინარეებს ჯერ კიდევ მაშინ,
ვიდრე ცხელი მზე ჩაიღვრება მთაწმინდის მოხრილ 
ხერხემალში უკანასკნელად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი