ობსესია


ქარი თუ სცემს და მინებს აყრის 
წვრილ საფანტივით,
გზააბნეულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ წვეთებს.
წვეთებს წვიმისას გამოქცეულს ნედლი ღრუბლიდან.
რა დავაშავე მე აქ მჯდომმა ფეხმორთხმით სახლის
კუთხეში, როგორც
მლოცველმა და
ან მიმალულმა
ხმაგაკმენდილმა,
რომ შიშის ზარს მცემს ეს წვეთები
(მინაზე როგორც საფანტები). 
ეს წკრიალი კი
მხვდება ეკლებად
სიჩუმის ხმაზე დამფრთხალ სულზე
მჩხვლეტს და განვიცდი
ყველა განსაცდელს,
არსებობას,
სენს და ეპოქას.
მე როცა ჩუმად მეშინია შენთან მოვდივარ
და როცა შენთან მოვდივარ მე 
სულ მეშინია.
გთხოვ გადამისვი თავზე ხელი
გთხოვ დამიყვავე.
რომ ვიგრძნო ხარ და 
დამნაშავეც ხარ და
მხსნელიც ხარ.
და დაიბრალე ყველა შიშის ზარი და რეკვა
ყველა ზარის და საკვირაო დაუჯდომელი.
და კარზე რეკვა ზარის ასე მოულოდნელი
შიშს აღარ მგვრიდეს მაშინ როცა ველი არავის.
ვიდრე გავიხდი მე ამ შიშებს,
ვიდრე დავწვავდე
გრძელ აივანზე ფართე ქვაბში ყველა ხელნაწერს.
რომ ამოფუვდეს ლურჯი კვამლი და მოიტანოს,
ღმერთო, შენამდე
ლოცვის და შიშის,
ან შიშის და ლოცვის სიმძაფრე.
რა მშვიდი იყო ეს შიშები როგორ გართულდა
შემომაცოცდა სულზე როგორც გველი ჰეკატეს
და კი არ მიცავს, სულს მიციებს და მესიზმრება,
როგორ არ დავრჩით,
არ გადავრჩით,
ვეღარ ვისუნთქეთ.
ფინალს კი სიზმარს ვერ დავარქმევ ხილვაა უფრო,
და ყველა ხილვა ფინალია, 
ღმერთო, 
შიშმბადი
თავისუფლების ქანდაკება ხელში ჩირაღდნით
მიფრინავს ბნელი ზეცისკენ და 
უკან მიჰყვება
რიოდან ქრისტეს ქანდაკება.
ახლა სიმაღლე
უფრო საშიშია
ვიდრე დაცემა.
წვიმს და მე მიმაქვს ლურჯ წყაროზე თეთრი საცერი.
წყლის მოსაზიდად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი