რუტინა


დაუსრულებელი ძილიდან 
იძულებით გამოსვლებს დაემსგავსა 
ერთფეროვანი რეალობა.
საკუთარი ძვლებით ნაშენი კედლებიდან გამოძევებას.
როგორი არამშობლიურია 
ყველა ჭაობისფერი კედელი.
როგორი არამდგრადი.
გვერდები ეზნიქებათ ქარის უმნიშვნელო შეხებაზე.
ნაზი ჩრდილებივით თრთიან.
ეს არ არის ჩაძირვა.
არც უჰაერობით გამოწვეული სიმძიმეა.
ეს ბეწვის ხიდზე დაჩოქილი დგომაა 
ქარიშხლიან ღამეებში.
როცა დახუჭული თვალებიდან
გადაყვლეფილ მუხლებამდე სიცარიელე 
გაძვირფასებული, გაღმერთებული,
საკუთარ სიცოცხლედ გადაქცეული ადამიანებით გევსება.
ასეთი სავსე უნდა გასცდე ბეწვის ხიდებს და ჭაობებს,
უღელტეხილებს და უფსკრულებს.
უნდა მიაღწიო დავიწყებულ ქალაქამდე.
სადაც ყველა სარკმელი ნათელია.
ყველა ღამე - მთვარიანი.
ყველა გადარჩენილი - ცოცხალი.
შემდეგ დაუბრუნდე საკუთარ თავს და სიჩუმეს.
სიმშვიდეს, რომელიც აწმყოს დაემალა.
მზიან აივნებზე გადაფენილ ქოთნის ყვავილებს დააბრალო 
ყელში მობჯენილი ბედნიერების განთიადები.
ვარსკვლავებით მორთული ნეილონები აუთაო ღამის ცაზე.
საკვამურებიდან რბილად ამოსული კვამლივით აფუებულ 
მოგონებებს გააყოლო თოთო ცრემლის სიტკბო.
ადამიანური ბედნიერების სიმძიმე ამსუბუქებს 
მტკივნეული განსაცდელების მარადიულობას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი