შვილის ანდერძი


მამაჩემი თოვლის კაცია.
სექტემბრის ბოლოს
მის სხეულში ნაადრევად ჩადგა 
სუსხიანი ზამთრის სევდა,
თეთრად დაეთოვლა თმა და წარბები.
მისი თეთრი კანი ფაიფურის გახდა.
როდესაც გულიდან მარცხნივ 
პირველი ჭრილობა გაჩნდა,
ნუშის ნერგი ჩავრგე ნაიარევში.
ზურგით დავდექი და თვალი ავარიდე.
არ მინდოდა ჩემს სითბოს დაედნო.
მეორე ნაიარევი უფრო ფართე აღმოჩნდა. 
მასზე გზა გავიყვანე ნერგამდე.
წყალს ვუსხამდი აისობისას.
ხის ფესვებმა არსებობის გაუსაძლისობა გაუიოლა.
მყარად დგომა აიძულა.
მხრებმა სიმტკიცე მისცა ხეს.
აპრილი რომ გაყვავილდება და 
ნუში თეთრად გადაიპენტება
ჩემი შვილის საქანელას ვაბამ მის ტოტებზე.
ვტკბები ბედნიერი მამაჩემის,
აკისკისებული ნუშის ხის და
მოტიტინე ჩემი შვილის ცქერით.
ვრწმუმდები-
გადაივლიან ზამთრები.
დაიფერთხებიან დათოვლილი წამწამები.
შეხორცდებიან ჭრილობები.
უსასრულო ამბების ტალავერები გადაიჭიმება 
მივიწყებულ ნამოსახლარზე.

ნაადრევად არ უნდა დნებოდნენ თოვლის კაცები.
ერთი სრული ცხოვრება უმცირესია
მოასწრო ყველა ისტორია,
იცხოვრო ყველა მოსასწრები ამბავი და 
ჭერდაუხურავი არ დაგრჩეს აშენებული სახლი.

დარგულ ხეებს ვინ მოთვლის, მაგრამ
შემოდგომებს უნდა მოესწრო.
მათი უტკბილესი ნაყოფი 
შენი ხელით თუ არ დაუკრიფე
მხრებზე შემოსმულ, 
მოხითხითე შვილიშვილებს
რა ფასი აქვს ნაყვავილარ ნუშებად
საკუთარ  თავზე გადატანილ უქათქათეს გაზაფხულებს.

ბრძოლა გადარჩენისთვის და
სიცოცხლე მათთვის,
ვისაც სჭირდება შენი სიცოცხლე-
ერთადერთი მარტივი ჭეშმარიტებაა
ურთულეს რეალობაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი