თანწყობილი განწყობა
დღეს თბილისს სარკმლიდან სხვა გემო აქვს. მთის ჩაი მეტისმეტად მწარეა და ქარი ტყემლის კვირტებს აგემოვნებს, მეც უფრო იშვიათად მეწერება. დილიდან მტვერს ვაცლი ქოთნის ყვავილს, მზეს ვუშვებ დანესტილ შეგრძნებებში. სიცოცხლე ოდესმე თუ მიყვარდა, მაშინაც ცხოვრების აზრს ვეძებდი. ვიხსენებ, ვოცნებობდი ფირსაკრავზე. მეც უნდა მეცეკვა “პა დე დე” და ცისა და დედამიწის შესართავთან მზის ნაღველს ზღვის სევდაში ვადედებდი. ვფურცლავდი არსებობის ყვითელ ფურცლებს. ოცნებას ღრუბლის ქულებს ვაფარებდი. რამდენი გაზაფხული ვიმარხულე. რამდენი მოვიგონე სადარდები. ხან ზეცად ანგელოზებს ვუხმობდი და ხან ეშმაკს მივყვებოდი ქვესკნელისკენ. როგორც პეპელა მუხლუხოდან, ლექსიდან თავის დახსნას ვერ ვეღირსე. სიჩუმის ხელოვნებას ვეზიარე და სისხლში ახმაურდა პოეზია. (სულისთვის არც ისე საზიანო- სიცოცხლით გადაღლის მომენტია). მოვთავსდი საკუთარ ანარეკლში, დაღლილი დაღლილი დაღლილი და სიმშვიდის არარსებულ სამარიდან უვადო გადარჩენას ვაღრიალებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი