ამბავი


აპრილის დილა.
ჩემს სარკმელთან მხოლოდ კედარი.
აღარც ატმების ყვავილობა.
აღარც - ტყემლების.
სულში სიმშვიდის პაწაწინა ნერგი ვერ დავრგე.
განგაშს ვიწყებ და ვიმეორებ- 
“განვედ, ბელზებელ.”
ჩუმი მოწყენით და ბრმა სევდით 
ველი პეონებს,
ახლა თუ არა 
მკათათვეში იყვავილებენ.
დავიწყებული სიზმრის ტიტრებს გავიმეორებ.
სადაც ისევ თოვს 
და ზამთარი მღერის ირმებზე.

დაღლილ ხერხემალს შორი გზა აქვს,
(იქნებ არც ისე).
თითებს სიცივე,
მხრებს სიმძიმე,
მუხლებს დაღლა სჭირთ.
ღმერთო, გამოჩნდი.
დამაჯერე.
დედას გაფიცებ!.
რომ ყველა აღმართს, უსათუოდ 
მოსდევს დაღმართი. 
რომ ეს ცხოვრება კიბე არის,
და ვიღაც ჩადის,
მაგრამ ჩამსვლელი, 
ერთ დღეს ისევ ასვლას დაიწყებს.
კვლავ ამღერდება გადარჩენის ცისფერი ჩანგი.
დედას გაფიცებ, 
ღმერთო, ღმერთი შენც არ გაგიწყრეს..-
და არ მითხრა, რომ
ნაადრევად მისთვის დავღამდი,
პოეზიისთვის შემეწირა სულის ნარჩენი.
როცა დაგკარგე, ღმერთო, 
როცა აღარსად მყავდი.
ნეტავ, იცოდე 
რა მშვენიერ სევდას დავჩემდი.

დღეს უძვლო ხორცში შერჩენილი
სულიც დამემსხვრა.
სისხლი ლექსებში შერევია,
თითო წვეთობით.
არც სახელი მაქვს.
სხვა ამბებში ნეტავ, რა მერქვა?!
სადაც არასდროს ვარსებობდი,
მაგრამ ვღმერთობდი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი