ვაკუუმი
რაფაზე შემომჯდარი, თითებში მომწყვდეული ფინჯნით. ცინიკურ ღიმილსა და სარკასტულ აზრებს იტევ რახან. ცხოვრებამ კვლავ აგიღო გულიდან გამძლეობის სინჯი. გაცვეთილ ბეწვის ხიდზე დამღლელი ასკინკილით დგახარ. სხეულში აგონია, პომპეის უკანასკნელ დღეს ჰგავს. სარკმელზე მონაცრისფრო აკვარელს უშხაპუნებს ზეცა. დასცინი კაროლინას, არზაყანს, თამარსა და ემხვარს, არა და დასცინი ამ ქვეყნად ერთადერთი შენ ხარ. სიჩუმეს ტკივილიან წყვეტილად ამოსუნთქვებს ურთავ. ხვდები რომ არსებობა სულ ბოლო აკორდამდე გითხოვს. ზურგს უკან სამშობლოა, ზურგს უკან მთებია და ურთა და შენ კი უმიზნო და უსიტყვო დაღვრა გინდა, სისხლო. შენს იქით ხმაურია, შენს იქით სიცოცხლეა, აზრი. დუმხარ და უნიათო, რაფაზე ზურგშექცევით ზიხარ. უარყოფ რეალობას, იცინი იმაზე რაც არ თქვი. ნერვებს კი, ნეირონებს დაწყვეტილ მომენტებად იხრავ. ტკივილებს ტკივილების მიჯნამდე შეუხორცე ფსკერი და გარდაცვალებების ვერსიებს სიმარტივით მიჯნავ. გწადია დაივიწყო ყოველი, სულელი და შტერი, ყველა ვინც უსახელოდ დიდების ტახტრევანზე იჯდა. დაგრჩება არაფერი, დაგრჩება წარსულიდან ლანდი. დაგრჩება სინდისი და სიჩუმე, სიმარტოვე, ბორგვა. ზურგს უკან სიცოცხლეა, ზურგს უკან სიყვარული ბარდნის. შენს წინ კი ვაკუუმი. სიბნელე. გაგიჟება. მორჩა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი