..საძირკველი


ოქროსკულულებიანი ბიჭუნა
კატებისთვის უკრავს პაგანინს. 
მუნჯი კატები იავნანას უმღერიან
ზურმუხტის თევზებს.
თევზები მშვიდად ამოდიან, დამშრალი წყლიდან,
ვერ ძლებ-
ლალისფერ კანარის ჩიტს ლოცვას ასწავლი.
სიზმარს იხდი და სულწასული სხვა ზღვებში ყვინთავ.
სადღაც ხმელეთზე
ჭერმის გვერდით ხმება გარგარი.
როგორც პოეტი -
უუფლებო ქარის სარდალი.

ღრუბელს რომ გაცრი
ფერფლი მლაშე ტბაში დაალბე.
გველი, ცხადია, გაგექცევა დიდი საცრიდან.
ქვესკელს თუ გაცდი
სხვა ნაპირზე ნახავ ახალ მზეს.
რომელსაც ალბათ, 
რომ შეგეძლოს გულში ჩაირგავ..
რადგან სხეულში დაბადების დღიდან აცივდა.
შენც ემბრიონი იყავი და ცხადად გახსოვდა,
ყველა ამბავი ცხოვრებამდე-აქ და ამჟამად.
ყველა ამბავი იქაური, იმ მთის, იმ ქვეყნის.
დაგბადეს ისე, 
არც უკითხავთ-
გსურდა..
არ გსურდა.
იტირე, შენი ფილტვის კადრი სრულად გამჟღავნდა.
თუჯის ყვავებმა ღვინობისთვეს შენთვის იმღერეს,
შენ შეგიყვარდა ცის ამბები, მფრინავ ირმებზე.
და პაგანინი შეგიყვარდა, (ჩელო), ნიკოლო.
ჭრელი კატები შენს სხეულში -
ავი ჭინკები.
თევზები სულის სიმშვიდეა-
იქნებ იპოვნო.
ოქროსკულულა ბიჭი ალბათ ღმერთის ძე არის.
შენ - ამ სამყაროს შეუცნობლის უხმო მძევალი,
ყველა ტკივილის სადარაჯოდ სანთლად ინთები
და გწვავს სიცოცხლე - ამა ქვეყნის მყუდრო გეენა.
თვითონ არ იცი ქესკნელის მზეს
როდის შეები
და შენი თავი სიცოცხლისთვის როდის გებევრა.

ბიჭი კვლავ უკრავს კატებისთვის 
მშვიდად პაგანინს.
კატები თევზებს უმღერიან იავ-ნანინას.
დაუკითხავად სამყაროში როცა დაგბადეს,
შენი სიმშვიდე სხეულიდან მაშინ გაფრინდა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი