.შუაღამის სიმღერა
“ცხოვრება სადენზე სულის მოსათქმელად შესვენებული საფოსტო მტრედია, ხოლო სიკვდილი - შინ დაბრუნება..” ა. უგლავა მუქი ლილის ფერი ნისლი ეფინება შებინდებას. ბინდში გარინდულან მარად ჭორიკანა აივნები. დღეს სიცოცხლის თოკი ყელზე უსაშველოდ მედიდება. როგორც გველი ტყავში ყულფში გავძვერი და ავედევნე ჩამავალ მზის ქარებს და უდაბნოს ქვიშის სხვა ქარავანს. მერე ჩამოვჯექი, ქვეყნად უმზეობა დავიტირე. დარდი თოთო სტროფის ჩუმი ჩამღერებით გავიქარვე. ლექსით დავიამე წამი წუთისოფლის სანეტარო. თვალი ავარიდე თვალზე ცრემლმდინარე ბედუინებს, როცა სხვა უდაბნოს გზებზე ლოინები უკვდებოდნენ. მე არ მოგიყვებით ქვიშის ორკესტრზე და ცხელ ქარებზე. მდუმარება სივრცის- ღმერთის მდუმარების სიმკვეთრეა. მზერა ალერსია, ლექსით ვეღარაფერს დაგაჯერებთ და არ მოგიყვებით გველი რად ლოცულობს მთელი ტანით. ისე სათუოა, ბლანტი მირაჟები დაგაჯეროთ, როგორც ვამტკიცო, რომ წეროს მირჩევნია პელიკანი. ცისკრის ჯაშუში ვარ იმ საფოსტო მტრედის სადარაჯოდ, სულის მოსათქმელად, წამით სადენზე რომ შემომჯდარა. ციდან მოფრინავენ თოვლის უთეთრესი წეროები.. რისთვის ბრუნდებიან?!.. ვდუმვარ. სულს ნაღველი მომეძალა.. და შინ დაბრუნებას მშვიდი გარინდებით ველოდები.!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი