წუთიერი დუმილი


“ სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა..”
                                                          ბ.ხარანაული


ნისლი ქალაქზე უპირობოდ დალაგდა.
ამინდებია დანესტილი, უმზეო.
წვიმა არ იქნება,
იქროლებსო ამაღამ.
ახლა ქარებია, 
სადარდები, 
სამიზნე.

ქარი ალერსია, უნუგეშო, 
დედამიწის.
ასეთ ამინდებში მღელვარება არა ჩანს.
ფიქრი ღრუბელია მეწამული.
წვიმა - მლაშე სევდის დამარცვლა.

წვეთობით, ზღვა თუ არ დალიე.
ალბათ მალე მოვა დახრჩობა.
ცხოვრება მწარე წამალია.
როცა სიმართლესთან ახლოს ხარ.

სხვისი ჭირი
ღობის ჩხირის სადარია.
ეს ქალაქი- გაბზარული ბადახში.
შვილები კი
არ არიან. 
არ არიან.
ქვეყანაა სასაფლაო საბავშვო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი