ქარი ნაზ თავთავებს
ქარი ნაზ თავთავებს აათრთოლებს. მტვერი დაცვივდება მზის ფანტელად. ვხვდები, დღიდან დღემდე, საათობით არარსებობაში ვიფანტები. ღელვა თუ შემარხევს, ძველი ნავით, სევდის მწვანე ტბაში მოსეირნეს. მაშინ მახსენდება- მეც ვიყავი, ბავშვი, ვინც ელოდა ციდან ირმებს. როცა ეს მგზავრობა დასრულდება ფარდებჩამოშვებულ ყოფიერში დედა, მიძინებულს სასთუმალთან ზამთრის თეთრ ირმებზე მომიყევი. ისე იჩურჩულე, რომ დაღლილზე ყველა ცხრაკლიტული გამიხარდეს. ზამთრის გრძელ ზღაპარში გამაღვიძე, თოვლზე მზის ფიფქები მომიქარგე. სიმართლე, როცა სიმწარეა. ფიქრი უშორესი ნაგასაკზე. სული მშვიდი ღელვით იწამლება, მიზნებს, უშობელს თუ ასამარებ. ეს არის მთელი ხელოვნება- იცხოვრო, თითქოს ბოლო დღეა. დასასრულს ღიმილს, ხავსმოდებულს, ბაგე დაუკემსო სანახევროდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი