რიტუალი


მშვიდია ღამე,
უმთვარო-
თან სარიტუალო.
საზღვარს შეშლამდე მდუმარებით ვანეიტრალებ.
ფრთები გვემსხვრევა მკლავებდაჭრილ მარიონეტებს.
(ზეცა ისეთი უნაკლოა დავიტოვებდი)..

შორ სახურავზე 
ღამით ჯდომის სხვა ესთეტიკა.
სხვა სემანტიკა 
ამ ცხოვრების მძაფრი გროტესკის.
ჩანს უნაპირო ზღვის გუგებში თეთრი ხომალდი.
ცდა გადარჩენის, 
ალმოდებულ ფიქრში მბოლავი.

ძილში, მთვარის ქვის ქინძისთავით,
შვილებს ვულოცავთ
შიშებზე.
ზოგჯერ სული ითხოვს 
რიგით ბოლო ცას.
რომ არ მახრჩობდეს ქვეყნის ჯავრი,
ერი “სახატე”.
ამ პროზაული პროლოგიდან 
იქნებ გადავხტე?!.

მკვეთრი ხმაური,
როგორც გულზე მძიმე სატვირთო,
დგება და ღამეს 
ბასრი დილა ნისლში ათეთრებს.
დაღლილ გონებას აკენკავენ ლურჯი ყორნები.
(ზეცა ისეთი უნაკლოა დავიტოვებდი).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი