.სხვა ლექსი


შემოდგომა სიცხიან
ფოთლებს კრეფს და სივრციდან
მოსულ ქარის სისწრაფით
ჩემს სარკმელთან აწყობს.
ღმერთო, ზეცას მიწიდან,
დღის და ღამის მისტიკას,
რომ დაგჭირდეს ხელახლა
ნუღარასდროს გაყოფ.

ცნობიერის მიღმიერ
სიზმარეთის სიღრმიდან
უკან არ დაბრუნების
გარინდებას ვითხოვ.
კვლავ ზურგს უკან მიცდიან.
ზოგჯერ ქვასაც ისვრიან.
ჩემზე ისიც იციან,
რაც არ ვიცი თვითონ.

ახლა მხოლოდ ის ვიცი,
რომ შევწყვიტე სიცილი,
როგორც მზეთა ლიცლიცი
მოხუცებულ სულში.
ღამით სავსე მთვარიან
ცაზე მძაფრად ჩხავიან
ყვავები და დამფრთხალი
გული მიცემს მუჭში.

ღმერთის როცა ვიწამე
ვერ მიტევდა მიწა მე,
ბევრჯერ ვნახე თბილ ცაზე
მზე და მთვარე ერთად.
არსებობის სიმწარე
ჩვილი ლექსით ვიწამლე.
ვიდრე ჩავალ მიწამდე
ფრთების გაშლას ვბედავ.

მე სიცოცხლე მიყვარდა,
სიკვდილისკენ მივყავარ
შემოდგომას, სიყვითლე
სევდად ექცა ფიქრებს.
ვინ რა იცის ვინა ვარ.
ქარი ვარ თუ წვიმა ვარ.
სხვა სამყაროს ბინადარს,
სხვა დარდი მხრავს იქნებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი