შემოდგომა წამშლის


წვიმა ცრემლებს მპარავს წვეთ-წვეთ.
ბოლო ფოთოლს ვკარგავ ქარში.
მალე კარგად ყოფნას შევძლებ.
მალე შემოდგომა წამშლის.

თითქოს გუშინ იყო- თოვდა.
დარდი რა იყო და ოხვრა?!.
ვიდრე სამუდამოდ მოვკვდი,
სიტყვამ სანახევროდ მომკლა.

როგორც ლავა, მდუღარე მზე
ცეცხლს უკიდებს მყუდრო ფიცრულს.
თავს რაც უფრო ვუღრმავდები,
სხვას მით უფრო უკეთ ვიცნობ.

ქარს რა მოაქვს შორი გზიდან
რაც წაიღო ალბათ ჩვენგან.
ვისი დარდიც გულით ვზიდე,
ბოლოს ზურგით დადგა ყველა.

... 

ნუ მოყვები ტკივილებისას.
ნურც წყენებს იტყვი.
დიდია გული. ჩაეტევა ყველა უკლებლივ.
მერე რა, 
თუკი იშვიათად, ცრემლის მდინარე
გაყინული სულის მწვერვალებს
სწყდება და უხვი ნალექივით 
თვალებს აწყდება.
ჩუმად დარდობდი ვერ ნატირალს
და ჭაობისფერს,
მზერაში რომ შეცვალა ქვისამ.
ამაზე იოლ საქმეს, მენდე, 
სხვას ვერას იზამ,
როდესაც ყველა შენიანი
ზურგს შეგაქცევს ან
ყველა ერთად მობრუნდება ერთმანეთისკენ
მღვრიემზერით.
შენ კი, მათ შორის,
დგახარ და იცი, 
ერთადერთი ხიდი ხარ, მაგრამ
უკვე ჩაგტეხეს.
რა იოლია, საკუთარი ცრემლის მდინარეს
მიჰყვე და თუნდაც, ერთ ღამეში თავი დაიხრჩო.
რა იოლია, როცა ერთ დროს ხიდი იყავი,
თუმცა არავის სჭირდებოდა ეს თავგანწირვა.
ახლა ადგე და ორივე გზა შემოიკეცო,
უკანასკნელად ამოქოლო სავალი შენკენ.
დასრულებული ზაფხულივით დადგე სხვა მხარეს,
რომ შემოდგომამ ერთი ხელის მოსმით წაგშალოს.
თვალი ადევნო გადამფრენი ჩიტების გუნდებს,
ვიდრე მოვა და 
თოვლი შენს კვალს
სრულად დაფარავს.

...

იქნებ ის არ ვარ,  ვინც შენ გეგონე.
იქნებ ის არ ვარ, ვინც შენ გინდოდა..
მაგრამ მე ისე, ისე მიყვარხარ,
ბრძოლით გადაღლილს როგორც მშვიდობა.

მე ახლაც ვფიქრობ, რომელი უფრო
ადრე დაბერდა სული თუ ხორცი?!
ღიმილებს ღამის ქარწვიმებს ვუთმობ.
ოცნებას უკვე წლებია მოვრჩი.

გიკვირს, ცხოვრებას თავს რომ ვარიდებ.
სულ მარტოს გტოვებ ყოფის ტყვიებთან.
სხვა ქარიშხლებთან ბრძოლით დაღლილებს,
ზოგჯერ გაქცევა გვეპატიება.

გიკვირს, ამდენი ტვირთის პატრონი
თავს რად ვაფარებ წიგნის გარეკანს,
პოეზიაში როგორ დავტოვე
სული და დავრჩი მკვდარი ნახევრად.

როდესაც ყველა, ჩემი ტოლები,
სიცილ-კისკისით ქუჩებს ერთვიან.
გიკვირს, მე მუდამ რად ვმარტოვდები..
ბრძოლას სიკვდილი რატომ ვარჩიე.

რა ვქნა. პასუხი, ჩემო, მეც არ მაქვს.
იქნებ ის არ ვარ, ვინც შენ გინდოდა.
თუმცა მე ისე, ისე მიყვარხარ,
ბრძოლით გადაღლილს როგორც მშვიდობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი