.სუსხიანი განწყობებიდან


ახლად ფეხადგმული შემოდგომის მიწურულს,
როცა ოქტომბერი სისხლში შემოდის და ფერს მიცვლის,
როცა თოთო სიცივე 
ტერფებიდან მაცოცდება და ხერხემლის გავლით 
ეკლებად მაყრის ჩამოშვებულ მხრებზე,
დეპრესია მეწყება.
დარიჩინიანი ნამცხვრის ცხობას ვიწყებ 
და ანისულიანი ჩაის სმას.
წიგნებს თაროებზე ვანაცვლებ.
სურათებს - კედლებზე..
არ ვიცი, ამ დროს, 
წერა უფრო ანტიდეპრესანტია თუ წერა.
თავშესაფარი თუ გაქვს, 
გრძელი ზამთრები არ გაშინებს.
მერე რა რომ მზეს დავემალე,
ზამთარი უფრო საშიშია.
გადამირჩინე ოთხი კედელი.
ბზარს ნუ გაუჩენ.
იქნება ქარებს  დავემალო.
იქნებ- ავდრებშიც დავივანო.
იქნებ- 
დავიღალე..
ნუ დამასიზმრებ წეროების გადაფრენებს.
ნურც მათ ცარიელ ბუდეებს.
ზღვა დამასიზმრე.
და თოვლი.
რომელიც ვერ მოვიდა.
ვდგავარ საკუთარი თავის შუაგულში.
ვითვლი საკუთარი სუნთქვის შუალედებს.
სულზე სიმშვიდის თითებს შემახებდე! -რა იქნება.
არაფერი.
არაფერი არ იქნება.
გარდა იმისა, 
რომ ფოთოლცვენა მეწყება და ვხვდები,
ჩემი ქარიშხალი,
სხვის ნიავზე უხმაუროა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი