სურათი
დადგა ზამთარი. დაიფიცა, ჩემი მთები და ჩემი მიწა. ცხრა მთა, ცხრა ზღვა და ცხრა მდინარე გადმოვიარე. სიცოცხლე ისე გაიცრიცა, ხელებში შემრჩა ერთი ციცქნა. ჩარჩოში ჩავსვი ჩამომჭკნარი, ისე ვუარე. მოვდიოდი და შემომაცვდა სული, ხორცი და უღრუბლო ცა. როცა ვიგრძენი რეალობამ ნაშვილებივით მიუცხოვა. გზები იყო და სხვა ქვეყნები. ქარ-წვიმებს ვეღარ დავეხსენი. თოვლით აივსო- თვალის ჩინი და თხელი ძვლები. საყრდენო, ცოტაც გამიძელი. ამბავო, როგორ დამიძველდი. ვეღარ მაისობ ჩემო სისხლო და გაზაფხულო. დავგმანე ძველი სამარხები იმედების და არ ავყევი დინებას აღმა. წყალმა წამიღო. ჩამომახმო. ქარმა ჩამოშალა სამოსახლო. ახლა გვიანია არ მომნახო. მიპოვნი სადღა. ახლა უხმაურო ქარი ვარ და იქ დავრჩი, სადაც დამიღამდა. იქ მოვკვდი, სადაც დარდი მჭამდა. იქ ჩავდექი. აღარ ვარ, ადრე ვინც ვიყავი. (თვალებს ცრემლებით ვიღამებდი). აღარც მარტივად მისაღწევი. მისაჩვევი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი