აფირმაცია
ყველა სიზმარი, მიწისქვეშეთის ამღვრეული ტბებით იწყება. სადაც, გაყინული ტერფები გიწყვია და შავებით შემოსილ დედა-შვილს საყვედურიანი თვალით უმზერ. მათ არ სცივათ. მათ ღმერთი მოუკვდათ. შემდეგ, ჯვარს ეცვნენ. შენ რა გიჭირს. ყინულის ლოლოებად ქცეულ ფეხებზე წამოდგომა არც ისე რთულია. მთავარია არ დაიმსხვრეს სიმძიმისგან. გზა სიზმარზე გამოქვაბულით გადის, რომლის ბოლოში, სინათლე არ ჩანს. სამაგიეროდ, ხელს გიმშვენებს ჩირაღდანი გეენას ნათებით. არ გწვავს.. გათბობს. ამხელა გზა ამისთვის გამოიარე, რომ ბავშვობაში დაბრუნებულიყავი?! აკვანში ჩაწოლილიყავი და ხელის გულებიდან მტრედებისთვის, თეთრი პურის მარცვლები, გეჭმია?! სადაც ჯერ კიდევ არ იცი, მკვდარი ხარ თუ ჩვილი. აკვანს არავინ დაგირწევს. არც არავინ დაგიტირებს. ყველას თავისი საქმე აქვს. ყველას სადღაც ეჩქარება. როგორც მაშინ, ბავშვობაში. როგორც მაშინ, დიდობაში. ეს აკვანი, შენი სახლის სხვენში დგას. მუხლების გადატყავება აღარ დაგჭირდება, სახურავზე რომ აძვრე და საკუთარ თავს დაემალო. აღარც ვიწრო სარკმელში გაძრომაა საჭირო, შენი თუ, სხვისი გადარჩენისთვის. მიცვალებულები დიდი ვიტრაჟების მიღმიდან გიქნევენ ხელს და უჩინარდებიან. ან შენს ცარიელ საწოლში წვებიან გულხელდაკრეფილნი.. შეძელი და ის ბილიკი ჩაირბინე, ცისფერ წყარომდე რომ მიდის. ცივი წყალი- ცივი წყალია, რა მნიშვნელობა აქვს სიზმრისაა თუ ცხადის. მთავარია არ აიმღვრეს. არც იმას აქვს მნიშვნელობა ისტორიებს სიზმრებს მოპარავ, თუ ცხოვრებას. ქვეცნობიერიც თავად ხარ და ცნობიერიც. ბალანსი, თუ ვერ იპოვნე, სამყარო მაინც დაგამსხვრევს. შენ კი, არც ძალა გექნება და აღარც სურვილი, წამოკრიფო და შეაგროვო საკუთარი თავი. დაზიანებულებს დაზიანებულები ვერ იხსნიან. სიზმრის კართან, ყოველთვის იცდის ვიღაც, ვინც გადაგარჩენს..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი