.ზარხუფი


1.
ღამდება, იესე.
მზე ჩადის. 
და სუნთქვა მიძნელდება.
იმ ლექსებს.
იმ ტექსტებს.
იმ ამბებს.
მივაგე სამძიმრები.
თუმცა მესიზმრება.
უჩემო აპრილები.
უღმერთო გარინდება.
ცისფერი ფანტელები.
ცხოვრება მავიწყდება.
ღიმილი მავიწყდება.
წამითაც არ მტოვებენ
სიკვდილის ფანტომები.

ღამეა, იესე.
იშლება ცის მინდვრებზე
ვარსკვლავთა საძოვრები.
წყნარ ტალღებს ისიზმრებენ.
თბილ წვიმებს ისიზმრებენ.
სიმშვიდეს ისიზმრებენ.
მე ქარიშხლებთან ვმარტოვდები.

2.
ყველაზე დაღლილი უმთვარო ღამეა
და ამოწურული მზეების სეზონი, იესე.
დამშრალი გონების ბარძიმში სიმშვიდე ამემღვრა,
ღრმა სიცარიელეს ჯვარცმული ღმერთები მივსებენ.

უთოვლო ზამთრების ქრონიკებს
ზარხუფში ვამწყვდევ და
წამწამებს ოქტომბრის შავთეთრი წვიმებით ვისველებ.
ვიდრე ღიმილები ბაგეს სამუდამოდ ასწყდება
ომებზე მიამბე,
და გამარჯვებებზე, იესე.

წმინდა ნინოს ცრემლმა სული ტკივილისგან განკურნა.
მერე თეთრი კვართი თავქვეშ დავიდე და ვილოცე.
როცა ხალხით სავსე ფერად სამყაროში მარტო ხარ,
მაშინ ჩალად გიღირს ერთი ამოსუნთქვა სიცოცხლე.

ურვა შეერია ბოლო შემოდგომის ეპიზოდს.
მხიბლავს ფოთოლცვენის უღვთოდ სევდიანი სეანსი.
ვნატრობ, რა იქნება, ერთი დაზამთრებაც მესიზმროს,
ერთი გათოვება, 
ერთი თოვლის მოსვლა, იესე..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი