თებერვალი სრულდება
თებერვალი სრულდება. ფილტვებს ქარის ლურსმნები ესობა და სუნთქვასაც ხელმეორედ ისწავლი. პანდემიის ეპოქა ბოლო ჭირად გეყოფა. გულის ფეთქვა ყელიდან ქუხს დაკარგულ მიწამდე. შეამჩნია ვერავინ სულის თეთრი მწვერვალი. თვალებიდან, ფერმკრთალი, გცვივა ნაზად თოვლი. წეროები შენამდე წეროები შენამდე წეროები შენამდე ვეღარასდროს მოვლენ. ქარით ნატეხ ხერხემალს, ნუშებსა და თეთრ ტყემალს, ფორსიტიებს საფლავთან მშვიდი თოვით ათოვს. ზღაპარ იყო. დამთავრდა. თუ იყავი - აღარ ხარ.. და სხვენიდან სარდაფში მოგათავსა ბედმა. როცა სული მარტოა, წვიმებმაც მიატოვა, ბებერსა და ასწლოვან ალვებს მაინც სწვდება. იისფერი გველებით, სისხლიანი ხელებით, ნაზი სევდის ხველებით დგახარ სიზმრის გარეთ. მინარეთის ნათებით და ბეთლემის სანთლებით მიწიერი აფთრები გეენაზე გწვავენ. მაინც უმზერ წმინდა მთებს, მარმარილოს მინარეთს. შენი მწარე სიმართლე. შენი ტკბილი სევდა. მიდიხარ და მიათრევ ღამეს სანამ ინათებს. სანამ დილა ცის თაღზე აენთება თეთრად. ყველა კარი დახურე. ზრდი სიმშვიდის თავთუხებს. მხოლოდ ბედი გაწუხებს დასადნობი თოვლის. გუნდად გაფრინდებიან. აღარ დაბრუნდებიან წეროები თოვაში აღარასდროს მოვლენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი