შენ რომ ანჩისხატი დამასიზმრე
შენ რომ ანჩისხატი დამასიზმრე. მე რომ დავჯექი და ვიტირე- ყველა დაკარგული სანაპირო, დასაბრუნებელი ბიჭვინთა. აღარც სამშობლოზე მეწერება. აღარც, სევდასა და სიკვდილზე. გაყიდული სულის უმწეობას, მამალი სამჯერ რომ იყივლებს, მზე, ცას გაანათებს, სისხლიანი. წვიმა აღარ მოვა თევზების. ლოცვაში არავინ მომიხსენებს. არავინ დამიკრეფს ენძელებს. სიტყვები გახმება ტოტებივით. სტრიქონებს ქარები გაფანტავს. /საკუთარი თავის მიტოვება. არყოფნა. სიმშვიდე. ვალჰალა/. ღრუბლების თეთრი ხომალდები თვალებთან ეწყობა მწკრივებად. გულო, ხომ იწვი და ხომ ალდები, სული ხომ გიჭირავს კბილებით. როცა დაისია ცის სარკმელში, და მზე ოქროს სხივებს მიდენის. გულო, შენ, ყულფივით ინასკვები. გჭამენ ყოფის ცხარე მინდვრები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი