ძვირფასო, ღმერთო


მზე ფოთლებს წვავს და
ბლანტი სიყვითლე ემატება
მათ თოთო ძარღვებს.
რა დიდი იყო გული, მაშინ,
შენი რომ სწამდა.
თხლად ნაქსოვ იმედს
ჩაუმდგარი ქარები არღვევს.
მხრებს ცხოვრებისგან ნახსოვარი 
სიმძიმე დააქვს.
ვგრძნობ, 
დავიბრუნე ჩემი /მშვიდი/, ლექსების ექო.
ძალა დაკარგეს შელოცვებმა, 
სულს რომ მართმევდნენ.
შენთან რომ მოვალ, /როცა მოვალ/, 
ძვირფასო ღმერთო.
გთხოვ, /შენი ხელით/, 
მეც ამინთე წმინდა სანთელი.
მე ვიცი, 
რატომ განმარტოვდი, ძვირფასო ღმერთო.
და ისიც ვიცი, 
რა რთულია ზურგის შექცევა.
მე დარდი ვიცი, ართოვების და 
როცა  ვერ თოვს,
როგორ რთულდება, ხელის გულზე,
დარდის დადნობა,
რომელიც სულში ჩამოთოვა, საუკუნის წინ.
თუ იმის წინაც, 
რას გაუგებ დაწყევლილ თოვებს.
საით მივდივარ, 
საიდან, ან რისთვის, 
ვინ იცის.
დამდნარ კანს ვიცლი, 
მზით ალესილ ასფალტზე ვტოვებ.
და ჩემი დიდი, ბასრი სევდის 
თეთრი სიმბოლო,
გიდი მიღმიერ სამყაროსთან-
უკვდავი წერო
ირაოს შეჰკრავს ცივი ქვეყნის 
ცისფერ მინდვრებზე.
მე კი ვიჯდე და 
მის მოსვლამდე 
ვწერო და
ვწერო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი