გაუცხოება


ყოველ საღამოს 
მზეს ვაცილებ მთაწმინდის მიღმა.
ყოველ საღამოს 
მზე მიკვდება თვალს და ხელს შუა.
ბოლო დროს ფიქრი შემეჩვია-
რატომ, ან ვინ ვარ.
დუმს ბრაჰმა, ბუდა,  მუჰამედი.
თვით იეშუა.

ჩემი სამყარო დაგრუნტული შავი ტილოა.
ვერდატეული ტკივილების მონახაზებით.
შორ სახურავზე 
შავი კატა 
შავ თათს ილოკავს..
იქნებ, დავხატო
მისი ბასრი, მწვანე თვალები.

გაუცხოება ზოგჯერ ისე მიმზიდველია.
თითქოს არ ხარ და 
არც არსებობ მღვრიე მიწაზე.
შენი დაღლილი თვალის ფერით იმზირებიან
ღრმა ჭაობები 
და ლოტუსის უცხო სინაზე..

როცა თვალს ხუჭავ და გონებას აღარ აჯერებ
ყოველდღიური არსებობის ჭეშმარიტებას.
თოვლით გევსება დასეტყვილი ყველა უჯრედი..
ყველა უჯრედი უთბილესი თოვლით გევსება.

სად არის ნეტავ,
ის ამბავი, ასე რომ მწამდა.
საით გაფრინდნენ, აკვარელის ლურჯი მტრედები.
ჩვენ ისევ ვცხოვრობთ. 
ისე ვცხოვრობთ,
სიმშვიდეს ვკარგავთ.
და ამ უბადლო არსებობის ნისლში ვბერდებით.

რა მჩატე არის, დღეს, მოკვდავთა ყოფნის მიზეზი.
ამ მიზეზებში მირჩევნია, სულაც არ ვიყო.
ყველა ტკივილის ბოლოს ისე, მძავრად იზრდები.
რომ გავიწყდება ვინ იყავი, 
როდის დაიწყო.

ამბავი, ასე რომ გასრულდა
ერთფეროვნულად.
ითვლიდი მხოლოდ მთაწმინდაში ჩამდგარ დაისებს.
დათოვლილ ზამთარს ბრმა სიკვდილი ეფერებოდა,
როცა შენს სისხლში 
სტრიქონებმა გაიმაისეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი