შენი სიზმრის ირემი


შენი სიზმრის ირემი,
როგორც ლურჯი ფანტომი.
მეწამული სიზმრები..
გზა. 
სიმშვიდე. 
არ ყოფნა.
ცაა თეთრი ედემი,
ევას სული დედოფლობს.
შემოდგომის შედევრი-
ტილო. 
ზეთი. 
ფოთლები.

თეთრი გერი ოქტომბრის.
უშავესი გიშერით.
ამ ფოთლების ოქროთი,
სულო, ვეღარ გიშველი.

იდგა ღამე ხარის წლის.
ხარის წელში შენც იშვი.
ლექსით სული დაიწვი.
პოეზიით შეშინდი.

წერდი, წერდი დღედაღამ.
არ გყოფნიდა ჟანგბადი.
ნეტავ ღმერთი გენახა.
აწმყოში რომ გაქვავდი.
მაღალ იერარქიებს 
შენი დაცვა სწყურიათ.
დღეს არ იცი რა გქვია.
მხოლოდ მეწამულია
ახლა შენი სიზმრები.
და ლურჯ ირემს დაეძებ.
სული თუ არ იზრდება,
არ იცლება სამელნე.

ქარი ღამის  სულია
და სახელი მელ/ანო,
შავით დანისლულია.
საკუთარ თავს ვეღარ ცნობ.
ახლა, სულ არ განიცდი,
როცა, ასე, არსად ხარ.
ხეს ფოთლები დასცვივდა.
ბანალურად დამთავრდა 
ყველა ლექსი. 
სიზმრების
შენი ლურჯი ირემი
სევდიანად გიმზერს, რომ
ცივ ზამთარზე უმღერო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი