იასამნებთან


ეს გაზაფხული მიდის უკვალოდ,
ულექსებოდ და უპოეზიოდ.
მეც რომ უკვალოდ ვქრები, უფალო,
რა მიზეზია?!.

ვიდექი, ჩუმად, იასამნებთან.
სიმშვიდეს მგვრიდა ნაზარეველი.
სულს უნაპირო სევდა ავსებდა,
ასაზრდოებდა.

აღარ ველოდი თოვლიან ზამთარს.
ვუცდიდი, მხოლოდ, ცისფერ აღდგომას.
ჯვარს ეცვა.
მერე უსიტყვოდ აღ(ს)დგა.
მარტო დამტოვა.

ვეძებდი ღმერთში მეგობარს, მუდამ.
ადამიანში, დღემდე, ვეძებ ღმერთს.
რასაც განვიცდი, ასჯერ მეტს ვდუმვარ.
ხმაურს ვერ შევძლებ.

ქარია ისევ. ჯერ არ ჩამდგარა.
კვლავ ირხევიან ატმის რტოები.
სიცოცხლის ხაზი, ისე დამთავრდა
სულმა ვერ დათმო განმარტოება.

არ მოიძებნა მცირე ადლიც კი,
სადაც სიმშვიდე იყვავილებდა.
სამაგიეროდ იყო მანძილი-
საყოველთაო.

გულს არ შეეძლო აღარც დაწყვეტა.
დაუფასებელს სწუხდა არასდროს.
გარეთ ქარია. გარეთ გაწვიმდა.
გარეთ აღარ თოვს!.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი