ეს ქარი, ისეთი აშარია
ეს ქარი, ისეთი აშარია, ფერად ივლისსაც გადამიგვის. მზერა ფსკერამდე დავაშრე და ენკენისთვემდე გვალვა მიდგას. ფესვიც გახმობია პურის ყანებს, როცა ვისაც ვყავდი, აღარ ვყავარ. ქარებო, უნდა წამიყვანოთ, ახლა, პაპაჩემის ნასახლართან, ხელი რომ შევახო მტვრიან ჭიშკარს. მუხლებზე დავდგე უწყლო ჭასთან. სადაც იატაკის ჭრიალია, ძველი, სევდიანი იავნანა. სადაც თმაჭაღარა დედის ცრემლზე ია ამოდისო - ბრძანა ბრძენმა. დილას სადაც ღაწვი უცისფრდება- ლურჯი ბავშვობაა საძებნელი. უცხო ლოცვას ვარქმევ მამის ხელებს. როცა მამის თვალებს სიცოცხლე სურთ. /შორი ნუგეშია ავიცენა, ღმერთო, განკურნება უსახსოვრე/. ჩიტები ზამთარს რომ აკენკავენ. თოვლს რომ დაადნობენ ენძელები. ღმერთო, შემასწავლე განკურნება. რწმენა- შეუძლებლის შეძლებისა.! ისე წმინდად ისმის ცის კისკისი, როცა ირწევიან მზის აკვნები. რამდენ ძვირფას ამბავს ვისაკლისებ, რამდენი - სულზე ისარკება. ფრთხილად ვეხები და ფრთხილად ვაცლი მბზიმავ აბლაბუდას კაკლის აკვანს. ტკივილს გულში რომ ვინახავდი თეთრი არტახებით მასზე ვაკრავ. ჩუმად ვუჩურჩულებ მიძინების, ხმატკბილ იავნანას მიმწუხრისას. მზე რომ რძისფერ ნისლში ჩაიძიროს. მზემ რომ გაიყოლოს საწუხარი- “იავნანა, ჩემო სევდავ, იავნანინაო. მზე რომ ნისლში ჩაიძიროს. მზე თან წაგიყვანსო. მზის აკვნები ირწევიან, იავნანინაო. იავნანა, ტკბილო სევდავ, იავნანინაო.”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი